პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რუსეთის შესახებ ისაუბრა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რუსეთი ეძებს გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი, რადგან მას საქართველოს წარმატება აშფოთებს:
”მინდა გამოვეხმაურო ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. ეს არის საოკუპაციო გეგმის ნაწილი და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი ოსი ძმების, რუსეთის მიერ მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, თანამეგობრობას, მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ამ აშკარა მცდელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატება და პროგრესი, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






