ლაშა კილაძის ინფორმაციით, ცვლილებები მარიხუანას ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტს გაზაფხულის სესიაზე წარედგინება. როგორც „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, მომხმარებლის ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა აღარ იქნება.
“საუბარია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, სისხლის სამართლის სასჯელი თვისობრივად განსხვავდება ადმინისტრაციული სასჯელისგან, ესაა ერთმნიშვნელოვანი ლიბერალიზაციის ფორმა, მარიხუანას მოხმარების გამო, ადამიანი აღარ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. გამოინახება ოქროს შუალედი, რის მიხედვითაც სახელმწიფო იზრუნებს ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა ადამიანის უფლებები ამ ფონზე არ უნდა დაირღვეს”, – განაცხადა ლაშა კილაძემ.
როგორც კილაძემ აღნიშნა, საზოგადოებას აქვს უფლება იყოს ინფორმირებული თუ რას უკავშირდება ნარკომანია.
“ამ საკითხში ყველა უნდა ჩაერთოს, უნდა დაიწყოს ფართო და ძლიერი კამპანია, რაც დაუკავშირდება პრევენციას, უნდა მოხდეს მოსახლეობის სრული ინფორმირება, თუ რასთან არის დაკავშირებული ნარკომანია. ერთი მხრივ, ლიბერალიზაცია არის ჰუმანური მიდგომა, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული, თუ რას უკავშირდება ნარკომანია”- განაცხადა კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






