თორნიკე ნაროზაული: „ამ ტემპში თუ გაგრძელდა ჩვენი ბრმად და ღრმადმორწმუნეობა, ჩვენივე ანუ მრევლის დამსახურებით, ჩვენი ეკლესია დაემსგავსება რომის ეკლესიას და ჩვენი სამღვდელოების დიდი ნაწილი იქაურ, გაბღენძილ კარდინალების დიდ ნაწილს. როგორც ერში, ისე ეკლესიაში ერთი და ორი კაცი ვერაფერს შექმნის, კარგსაც და ცუდსაც ქმნის ერი ან მორწმუნეთა შესაკრებელი. ჩვენ ვირჩევთ სირაქლემას პოზაში უნდა ვიყოთ, თვალები უნდა დავიშანთოთ თუ თავი და სხვა რამეც, უნდა ავწიოთ, სადაც ასაწევია და თამამად ვთქვათ ის, რაც არ არის სწორი!
როცა საქმე რწმენას ეხება, არ არსებობს არანაირი ავტორიტეტი გარნა ქრისტესა და ადამიანის გულისა!
ამ პირშიწყალჩაგუბებულობამ მიიყვანა რომის ეკლესია ინდულიგენციებამდე. ამაში ბრალი მრევლს მიუძღვის და არა იმ სამ-ოთხ გველაძუას, ვინც მათი ტაძრებში დარიგება დაიწყო.
თავმდაბლობა და სიდებილე ერთმანეთში რომ გვერევა, ეგ ჩვენი უწიგნურობის ბრალია. მეტ საკითხებში, ცხოვრებისეული გამოცდილება უპირატესია, მაგრამ არის საკითხები, სადაც წიგნიდან მიღებული ცოდნის გარეშე არაფერი გამოვა, მაგალითად, ადვოკატმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს სამოქალაქო კოდექსი და უნდა იცოდეს კონსტიტუცია, რომ შეძლოს ვინმე ან რაიმე დაიცვას. ასევეა მორწმუნე ქრისტიანიც, ელემენტარული 4 სახარება მაინც უნდა გვქონდეს წაკითხული, მოციქულთა ცხოვრებაზე და ეპისტოლეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ან ძველ აღთქმაზე. ამის იქით ვინც რას წერს და ამბობს ყველა ცრუა! თუ სცდება იმ უშუალო სწავლებას, რომელიც ჩვენ, როგორც გვწამს, ქრისტესგან გვებოძა.
ხოდა სანამ ვიღაც მამა ოხროხინეებისა და ჩემნაირი ტვინაშმორებულების აზრებს დაუჯერებთ ან უარჰყოფთ, თქვენით გაერკვიეთ იმ საკითხში, რაზეც დაობთ.
იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან სასაცილოა მართლმადიდებლობის დამცველთა აზრთაფრქვევა, როცა საქმეში მხოლოდ კეთილი ნება და გულიანობაა ჩართული და არსად ჩანს, წიგნიერება და კეთილგონიერება.
მე მხოლოდ იმიტომ არ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჩემს მშობლებს რომ მოუნდათ ჩემი ასე მონათვლა. არა. მე ვეძებდი. ვეძებდი. ვეძებდი და ბოლოს მივაგენი. ჯერ თვალით. შემდეგ გონებით და ბოლოს გულით. ამის შემდეგ მივედი იქ, სადაც მივედი. დღეს ვერ ვიტყვი მორწმუნე ვარო, რადგან ერთ მცნებასაც ვერ ვასრულებ ნორმალურად, მაგრამ ის მაინც ვიცი, რისი და ვისი მწამს. რას უნდა ვცე პატივი და რას არა. რა ტრადიცია და რიტუალი საიდან მოდის და რა საიდან. ჰო ვიცი. და რაც არ ვიცი. ვცდილობ გავიგო. ვისწავლო. და ბრმად არ დავიწყო რაღაც სისულელეებზე თავის გამოდება.“
ეკლესიის მტრები სწორედ შიგნიდან ყავს...არავინ ისე არ ებრძვის ეკლესიას, როგორც ზოგიერთი ანაფორიანი ,,ოხროხინე,, მოქცევაი ქართლისა არ დასრულებულა. პროცესია ჯერ კიდევ... ჯერ ეკლესიის წიაღში უნდა უარყონ კერპები და დაამსხვრიონ წარმართული ღვთაებები.... მაგრამ ფუფუნების და სიბნელის კერპს სამწუხაროდ უფრო მეტად მოსავენ ძვირფასი თვლებით და ოქრო-ვერცხლით."
მასალის გამოყენების პირობები






