აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების შემდეგ, ქართული მხარის შეთავაზებას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ოსური მხარეც გამოეხმაურა და "გადაბრუნებული ლოგიკა" უწოდა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ვიზალიბერალიზაცია სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს არ ეხება.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის გაფართოება, მათ შორის სავიზო და უვიზო ურთიერთობა, ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არ ვრცელდება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გარდა გადაბრუნებული ლოგიკისა “ - ნათქვამია ე.წ. საგარეო სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის წინ გააკეთა საკუთარი არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ და არ სურს რაიმე საერთოს ქონა საქართველოს ხელისუფლებასთან.“
„საქართველომ აგრესიის გზით ვერ შეძლო საკუთარი გეგმის განხორციელება - სამხრეთ ოსეთის ხალხის განადგურება და ფსონი სხვადასხვა სახის დაპირებებსა და პროპაგანდისტულ ხრიკებზე დადო.
თუმცა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ისევე როგორც მისი წინამორბედი, გამსახურდიას დროიდან უარს არ ამომბს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის შეუაცხმყოფელი სახელწოდებების გამოყენებაზე , როგორიცაა „ცხინვალის რეგიონი“, „ე.წ. სამხრეთ ოსეთი.
სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლელი მხარდამჭერები ქმნიამ სხვადასხვა სახის ბარიერებს ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად.
საკამარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ ერთადერთი მოდელი ურთიერთობებისა, რომელიც შესაძლოა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის იყოს - პარიტეტული ურთიერთობაა ორ თანაბარუფლებიან სახელმწიფოს შორის“ - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. კენჭისყრის შედეგებია ასე გადანაწილდა: 553 მომხრე, 66 წინააღმდეგი და 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
მასალის გამოყენების პირობები






