,,საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობს ფლობს, უკვე აშკარა ქმედებებზე გადავიდა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და თავისუფალი მედიის საბოლოო დამორჩილება და საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევაა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლა, რომელზე ხმამაღლა უკვე თავად მოსამართლეებიც საუბრობენ.
დამოუკიდებელი სასამართლო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია - დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირებია, რომლის არსებობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ახერხებდა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას და სასამართლო ფაქტობრივად ხელისუფლების მხარეს წარმოადგენდა. ასე მოხდა საქალაქო სასამართლოში და თბილისის საოლქო, სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, პროცესის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდგომ ხელისუფლება პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და იძულებული გახდა უკვე აშკარად, ყოველგვარი კოსმეტიკური მეთოდების გარეშე ემოქმედა.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გამოავლინეს მაღალი ღირსებისა და პროფესიონალიზმისათვის დამახასიათებელი თვისებები და საქართველოს საზოგადოებას დაანახეს, რა მეთოდებით მოქმედებს ხელისუფლება პირადი მიზნების მისაღწევად.
მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრისგან მოითხოვს, დავდგეთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ერთიანი ძალისხმევით დავიცვათ ის, რაც ყველას გვაერთიანებს - დემოკრატიული ფასეულობები და მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებები - სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ჩვენ უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში ჩვენი ევროპელი პარტნიორები.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, მივმართავთ ხელისუფლბას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს ავანტიურა, მიმართული დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა შესაძლებლობას და დაიცავს დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს - გავხდებით განვითარებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი თუ ვიქცევით მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისგან გარიყულ, მომავლის არმქონე ქვეყნად“ - ნათქვამია მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ განცხდებაში.
მასალის გამოყენების პირობები






