"ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ეს ქვეყანა, ორი მთავარი ინსტიტუცია თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო დგას ყოფნა-არყოფნის წინაშე. რ2 დღეს თავისი ბრძოლით აპირებს, რომ ორივე ინსტიტუცია გადაარჩინოს. ეს არის ჩვენი ისტორიული ამოცანა. მოხდა ისე, რომ ჩვენზე გადის ეს გზა და ვაპირებთ რომ ამ ისტორიულ ამოცანას გავუმკლავდეთ "- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მთავარ პროკურატურაში ე.წ. "მოსამართლეების საქმეზე" გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო.
ვის ადანაშაულებენ მოსამართლეები ზეწოლაში, ეს ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა შეისწავლის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის მიმოწერის ავთენტურობას, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს და სადაც ნახსენები არიან პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე.
მასალის გამოყენების პირობები






