IDFI-მ სატელეფონო ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევაში წელს პირველად გახდა ხელმისაწვდომი შუამდგომლობები, სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს ყველაზე მეტი - 299 შუამდგომლობა განიხილა. დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე.
2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე - თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338).
წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი - 77%-დან 92%-მდე.
2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა.
მონაცემების მიხედვით, სულ 2016 წლის მანძილზე საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში განხილულია 401 შუამდგომლობა, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 315, ხოლო ნაწილობრივ - 30. შესაბამისად, დაკმაყოფილების წილი წინა წელთან შედარებით ოდნავ გაიზარდა და შეადგინა 86%.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში შესული შუამდგომლობების (სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა კომპიუტერული სისტემიდან და სხვ.) რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი - 77%-დან 92%-მდე გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები






