„შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა 2500 ოფიცრის, ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის განთავისუფლება. ხოლო სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შელახვა და ადამიანთა ბედით თამაში, გაყრილი სამხედროების ხარჯზე – ,,დაზოგილი“ 32 მილიონი ლარით გაამართლა. თუმცა თავდაცვის სამინისტრო ,,მიღწეულით“ არ კმაყოფილდება და გავცელებული ცნობებით, კიდევ ასობით ოფიცრის ჯარიდან დათხოვნას გეგმავს. იანვარში პოლიციელები ,,გაახარა“ შს მინისტრმაც, რომელმაც პოლიციელთა დათხოვნა, ჯერ ,,ხარჯების შემცირების ფარგლებში“ ახსენა, შემდეგ კი საკუთარ ოფიცრებს ,,ბალასტი“ უწოდა და საზოგადოებას ,,ამ ტვირთისგან“ ,,განთავისუფლებას’’ დაპირდა. შსს–ს ცალკეულ დეპარტამენტებში ხშირად საერთოდ უქმდება ცალკეული სამსახურები, მთელი დანაყოფები ,,რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“ კადრების განკარგულებაში აჰყავთ, რანგით აქვეითებენ საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს, რითაც უმცირებენ ისედაც არამზარდ, ,,გაყინულ“ ანაზღაურებას, უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში კი უხეში ფორმით უთითებენ კარისკენ, ხოლო კადრების განკარგულებაში აყვანილ რიგით პოლიციელებს, ხშირად ყოველგვარი გონივრული ახსნის გარეშე, სამსახურებიდან ქუჩაში ყრიან. სამწუხაროდ აღნიშნული ქაოსი, რომელიც ,,ოპტრიმიზაციად“ არის მონათლული არ წყდება და ათასობით პატრიოტი ოფიცერი ქუჩაში, ბედის ანაბარა რჩება. ჩვენი ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“, ყურადღებით აკვირდება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში მიმდინარე ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს და კიდევ ერთხელ მიმართავს უფლებადარღვეულ ოფირცებს და ჯარისკაცებს, რომ ორგანიზაცია იურიდიული მომსახურების და კონსულტაციების კუთხით დაეხმარება ყველა სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ ოფიცერს, რომელიც დახმარებისთვის მიმართავს მას!“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






