როგორც "ნიუპოსტს" ოკუპანტების მიერ დაკავებული მებრძოლის მეუღლემ ლალი ბასარიამ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება მისი ქმრის ადგილსამყოფელის დასადგენად არაფერს აკეთებს.
ბასარია არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთის ომში მებრძოლი, გია ცერცვაძის მსგავსად, რუსეთს გადაეცა. ლუკავას მეუღლე, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით, თუ დღის ბოლომდე მის ქმართან კომუნიკაციას ვერ დაამყარებს, ის უვადო შიმშილობას გამოაცხადებს.
"ხელისუფლებისგან მოვითხოვ, აქტიურად ჩაერთონ, გამოიყენონ ყველა გზა, რომ დაადგინონ ჩემი ქმრის ადგილსამყოფელი. ან მე, ანდა ისეთ პირს ვისაც ვენდობით დაალაპარაკონ გიორგი ლუკავა, რომ გავიგოთ ცოცხალია თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში უვადო შიმშილობას დავიწყებ მთავრობის ადმინისტრაციის წინ"- ამბობს "ნიუპოსტთან" ლალი ბასარია.
გიორგი ლუკავას ცოლი, ერგნეთში ინციდენტების პრევენციების და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაგეგმვას მოითხოვს.
"საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ, მოვითხოვ მოიწვიოს ეს შეხვედრა. თუ მათ შეუძლიათ მოლაპარაკებები აწარმოონ და გადმოიყვანონ აფხაზეთში დაკავებული ბიზნესმენები, რატო გაწირეს ჩემი ქმარი სასიკვდილოდ? ის მაინც დაადგინონ ეს კაცი ცოცხალია თუ მკვდარი. იმ ფონზე როცა რუსეთი ქართველ მებრძოლებზე ასე ნადირობს, არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ლუკავა რუსეთს გადასცეს. ჩემი მეუღლე არავიზე ნაკლები პატრიოტი არ ყოფილა. მან 2011 წელს დაასრულა თავისი საქმიანობა. თბილისიდან გალში, 3 შვილის საფლავის მოსანახულებლად ჩასული კაცი დააკავეს, სასტიკად აწამებდნენ, ხელისუფლება კი უმოქმედოა"- ამბობს გიორგი ლუკავას მეუღლე.
ლალი ბასარიას თქმით, დაკავებული მას დაახლოებით 10 დღის წინ, ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ პატიმარი საკნიდან დეფაქტო შს სამინსიტროს წარმომადგენლებმა გაიყვანეს და მისი კვალი დაიკარგა.
52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია დრანდის ციხეში გაუსაძლის მდგომარეობაში იხდის სასჯელს. მას დე ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს მოქალაქე 2011 წლის მაისში ოკუპირებულ ტერიტრიაზე უკანონოდ დაატყვევეს.
ლუკავას ტყის ძმებთან კავშირი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.
ბოლო წლებია ლალი ბასარია დრანდის ციხიდან მეუღლის დახსნას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. მისი თქმით, დახმარების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, სადაც უთხრეს, რომ საკითხი უშიშროების საბჭოს გადაეცა. ბასარიამ სპეციალური წერილით და დახმარების თხოვნით იუსტიციის სამინისტროსა და კანცელარიას მიმართა თუმცა უშედეგოდ.
ლუკავას 11 სულიან ოჯახს მცირე იმედი გასული წლის მარტში მიეცათ, როცა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლა მოხდა, თუმცა საბოლოოდ ქართველ პატიმრებს შორის გიორგი ლუკავა არ აღმოჩნდა.
ლალი ბასარია საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის მონიტორინგის მისია უკვე ინფორმირებულია და მუშაობა გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






