,,გარკვეულმა ძალებმა, სამწუხაროდ, კანდიდატთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის არენად გადააქციეს. მეჩვენება, რომ რაგინდ რა საუკეთესო პროცედურები შემოვიღოთ კანდიდატების შერჩევისას, და ვინც არ უნდა შეირჩეს, გარკვეულ ძალთა ეს თავგანწირული მობილიზაცია კონკურსის ეტაპზეც, საქართველოში თუ შემდგომ, სტრასბურგშიც, მაინც გაგრძელდება. და გაგრძელდება მანამ, სანამ სიაში ამ ძალებისათვის მისაღები კანდიდატი არ მოხვდება და, სანამ გარკვეული საქმეების განხილვა არ დასრულდება ევროპის სასამართლოში. დიახ, ეს შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმის განხილვას სტრასბურგში, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და სხვა მომავალ საქმეებს. თორემ, განა შეიძლება იმის უარყოფა, რომ სტრასბურგის მოსამართლის შერჩევა პირველად მოხდა კონკურსის გზით, სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით, ქულობრივი შეფასების საფუძველზე, მაშინ როდესაც წინა არჩევნებზე მოსამართლეობის კანდიდატთა სია ყოველგვარი პროცედურების გაუვლელად მაშინდელი პრეზიდენტის ნება-სურვილის მიხედვით შეარჩიეს და არც სტრასბურგს მიუჩნევია ინტერესთა კონფლიქტად ასეთ პირობებში გენერალური პროკურორის (ზ. ადეიშვილის) მოადგილის კანდიდატურის წამოყენება. არავის გვახსოვს მაშინ უფლებადამცველ ბატონ უჩას და საერთოდ, არასამთავრობო სექტორს, ეს თუნდაც მორიდებით გაეპროტესტებინოს. ახლა მათ უკვე შესარჩევ კომისიაში ფართო ჩართულობაც აღარ აკმაყოფილებთ და კომისიაში უმრავლესობით წარმომადგენლობას მოითხოვენ. და ეს კარგის მაჩვენებელია, კერძოდ, დემოკრატიის განვითარებისა, რადგან ასეთი მოთხოვნების დაყენება მხოლოდ ფართო დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი.
ასეა თუ ისე, შედეგად მივიღეთ ის, რომ სიის ჩავარდნის გამო ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა და მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ადეიშვილის მოადგილე განიხილავს. მოკლედ, მიზანი უკვე მიღწეულია, მიზანი, რომელიც ყოველგვარ საშუალებას ამართლებს. ასე რომ, ამ პროცედურებში ყოველთვის იყო და დღესაც არის პოლიტიკური შემადგენელი საკმაო დოზით” - აცხადებს გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






