„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა მკაფიო განცხადება. გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია. ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საკითხი აქტიურად განიხილება და ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ლუკავას გათავისუფლებაზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც ფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დაკავებული მამაკაცის ოჯახმა "ნიუპოსტს" აცნობა, დაკავებული მათ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ პატიმარი საკნიდან დე-ფაქტო შს სამინსიტროს წარმომადგენლებმა გაიყვანეს და მისი კვალი დაიკარგა.
ლუკავას ოჯახი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პატიმარი მოკლან. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას და საკითხის გარკვევას სთხოვს.
ამასთან როგორც "ნიუპოსტს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დრანდის ციხიდან მოქალქე გიორგი ლუკავას გაყვანას არ ადასტურებს.
„აღნიშნული ინფორმაცია გუშინ მივაწოდეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას. მათი მეშვეობით გააქტიურდა ცხელი ხაზი.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება“, - განაცხადეს სუს-ში.
მასალის გამოყენების პირობები






