სერგეენკოს სამედიცინო დაწესებულებებთან შენიშვნები აქვს. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს პოზიციამ, კლინიკებს ყალბი მოლოდინები შეუქმნა, „მათ დაიწყეს ზრუნვა თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე, მინიმალური კი მიემართად პაციენტებისთვის. ამას ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არც ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ“. „სახელმწიფო ამის მოთმენას არ აპირებს“ - განაცხადა სერგეენკომ და კლინიკის დირექტორებს ყველა შენიშვნის გათვალისწინებისკენ მკაცრად მოუწოდა.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა რომ კარგისგან ძალიან შორსაა, ამაზე დღეს არავინ დაობს, სერგეენკოს გამოსვლამ ექსპერტებსა და პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.
„დავით სერგეენკო ჯოხის გადატეხვას სამედიცინო პერსონალზე აპირებს“- თქვა თემის კომენტირებისას ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობისა და მუდმივი ფინანსური პრობლემების გამო მინისტრი შეცდომის სხვსითვის გადაბრალებას ცდილობს.
ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის ახალი დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სასამართლოს დასრულებამდე სადაო თანხები კლინიკებს წინასწარ, შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაუქვითოს.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობისა და მუდმივი ფინანსური პრობლემების გამო ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „ჯოხის გადატეხას“ სამედიცინო პერსონალზე აპირებს. მთავრობის ახალი დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სასამართლოს დასრულებამდე სადავო თანხები კლინიკებს შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაუქვითოს.
ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, ნებისმიერი კლინიკის მიმართ წამოიწყოს ხელოვნური დავა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კლინიკას პაციენტებისთვის გაწეული მკურნალობის საფასურის ჩარიცხვა გაუჭიანუროს და ამით საბიუჯეტო სახსრები „დაზოგოს“.
მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომით კლინიკების ფუნქციონირებას ხელი შეეშლება და შეიზღუდება სამედიცინო დაწესებულებების მუშაობა. მით უმეტეს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება აქვს გასასტუმრებელი.
ჯანდაცვის მინისტრის კლინიკებისადმი ახალი მიდგომა მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
სწორედ ამგვარი მიდგომების შედეგია, რომ საქართველოში ღარიბებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდათ. ეს ტენდენცია აჩვენა გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ 2016 წლის ბოლოს გამოქვეყნებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ერთობლივმა კვლევამაც, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს ჯანდაცვის საკითზებზე ექსპერტი თეონა აბსანძე.
როგორც "ნიუპოსტს" ექსპერტმა განუცხადა, პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. მისი თქმით, სერგეენკოს უწყების აქილევსის ქუსლი ფინანსური ხარჯებია.
"იმის შესახებ, რომ რიგი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშებოდნენ, ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გახდა. ალბათ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და დიდი ალბათობით, კიდევ გამოეთიშება რამდენიმე კლინიკა. პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აქვს ნამდვილად პრობლემა და ეს არის ფინანსური ხარჯები. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს წლის დასაწყისში დაგეგმილი ბიუჯეტით გავიდნენ ბოლომდე. ყოველ წელს საჭიროა ფინანსების დამატება, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ხარჯების დასაფარად. პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და მომდევნო წლიდან ბიუჯეტის გარღვევა დაიწყო და დღემდე გრძელდება. ყოველწლიურად იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, თან ყოველწლიურად აკლდება... მთავრი პრობლემა არის ფინანსები. ახლა ცდილობენ ხარჯის შეკავებას. პირველი რაც დაიწყეს, ეს არის კლინიკები, რომლებიც გამოეთიშნენ პროგრამას. ამ გადაწყვეტილებამდე იყო განცხადებები, რომ საავადმყოფოებს ჰქონდათ პრობლემა და გარკვეულ შემთხვევებში ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი თანხის გადახდა უწევდა ისე, რომ საავადმყოფოს შესაბამისი ხარჯი არ ჰქონდა გაწეული. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ სხვა რაიმე ტიპის დაზღვევით, ისინი ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ამ ყოველივეს ნომერ 36 -ე დადგენილება ითვალისწინებს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან თეონა აბსანძემ.
ექსპერტი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების ძირითად ნაწილთან საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას შეწყვეტას გარკვეული პრობლემა შეიძლება მოჰყვეს.
"კლინიკების გამოთიშვას შეიძლება თავისი დადებითი მხარეები ჰქონდეს, გამოეთიშებიან პროგრამას ის კლინიკები, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ რაც ნაკლები კლინიკა იქნება ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მით უფრო ნაკლები იქნება კონკურენცია. ეს გადაწყვეტილება რიგების ზრდას გამოიწვევს კლინიკებში და არ არის გამორიცხული, რომ ამ საავადმყოფოებმა შემდეგში გაზარდონ ფასები ჯანდაცვის სერვისებზე. მოკლედ მთელი რიგი პრობლემებია"- თქვა ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა.
თეონა აბსანძეს ამ ეტაპზე მიზანშეუწონელად მიაჩნია იმაზე განცხადების გაკეთება, ხომ არ გამოიწვევს პროგრამაში ჩართული კლინიკების შემცირება ბაზარზე მონოპოლიზაციას.
"აქ საუბარია რამდენიმე კლინიკაზე და ისიც არამრავალპროფილურ კლინიკებზე. ეს პროცესი არ არის იმდენად მასშტაბური, რომ უფლებები მხოლოდ ერთეულ კლინიკებს დარჩებათ. ამ ეტაპზე მონოპოლიზაციაზე საუბარი არასწორად მიმაჩნია, თუმცა თუ ეს პროცესი გაგრძელდა და პროგრამას დიდი ნაწილი გამოეთიშა, მაშინ დადგება ის პრობლემები, რაზეც ვისუბრე - მოხდება ფასების ზრდა, კონკურენციის დაცემა და ასე შემდეგ“- თქვა რესპოდენტმა.
თეონა აბსანძის განცხადებით, „ისეთი დაბალბიუჯეტიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მსგავსი საყოველთაობის პრინციპი არასდროს გაამართლებს“.
„საყოველთაოობის პრინციპი აუცილებელია ჩანაცვლდეს მიზნობრივი პრინციპით და სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ ისეთმა ადამიანებმა. რომლებმაც რეალურად, ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ფუდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, პირველ რიგში უნდა გახდეს მიზნობრივი. ამით სამინისტრო ხარჯების გაკონტროლებას შეძლებს. ამასთან აუცილებელია, პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი დაემატოს, რადგან ჯანდაცვის ხარჯვების 50 % -ზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. მედიკამენტები კი მუდმივად ძვირდება შესაბამისად მოსახლეობას ამ მიმართულებით ხარჯები ეზრდება. სწორედ იმიტომ, რომ საყიოველთაო ჯანდაცვა მედიკამენტებს არ ითვალისწინებს ფასები კი მზარდია, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობას ჯანდაცვის ხარჯები 31% - ით გაეზარდა. ამ მაჩვენებლითაც შეიძლება ამ პროგრამის ეფექტურობა შევაფასოთ“- დასძინა ექსპერტმა.
,,ნიუპოსტი" ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციით დაინტერესდა, თუმცა უწყების პრესსამსახურში, მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. მათი განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებებს უწყება პასუხს არ გასცემს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების მიმართ სერიოზული ფინანსური დავალიანება აქვს, პრესამსახურში ნიუპოსტს უთხრეს, რომ მათ გადარიცხვებში პრობლემა არ აქვთ, ხოლო დამატებითი კითხვები კლინიკების მენეჯმენტს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






