„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობისა და მუდმივი ფინანსური პრობლემების გამო ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „ჯოხის გადატეხას“ სამედიცინო პერსონალზე აპირებს. მთავრობის ახალი დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სასამართლოს დასრულებამდე სადავო თანხები კლინიკებს შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაუქვითოს.
ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, ნებისმიერი კლინიკის მიმართ წამოიწყოს ხელოვნური დავა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კლინიკას პაციენტებისთვის გაწეული მკურნალობის საფასურის ჩარიცხვა გაუჭიანუროს და ამით საბიუჯეტო სახსრები „დაზოგოს“.
მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომით კლინიკების ფუნქციონირებას ხელი შეეშლება და შეიზღუდება სამედიცინო დაწესებულებების მუშაობა. მით უმეტეს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება აქვს გასასტუმრებელი.
ჯანდაცვის მინისტრის კლინიკებისადმი ახალი მიდგომა მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
სწორედ ამგვარი მიდგომების შედეგია, რომ საქართველოში ღარიბებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდათ. ეს ტენდენცია აჩვენა გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ 2016 წლის ბოლოს გამოქვეყნებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და USAID-ის ერთობლივმა კვლევამაც, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






