„ვინც სპეცსამსახურების და, მით უმეტეს, რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებას კარგად იცნობს, იცის, რომ უშიშროება ერთი და იგივე გავლენის აგენტურას მეორედ არასოდეს იყენებენ და ამას ერთ-ერთ პირის ქეისიც მოწმობს, რომელიც 90-იან წლებში „ფსბ“-მ მედიაში ჩანერგა. ამ პიროვნების ვინაობას არ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ის ერთ-ერთ ტელევიზიის საფარქვეშ ერთდროულად რუსულ და აფხაზურ დაზვერვაზე მუშაობდა, მაგრამ მერე, აღარ დასჭირდათ და მოიცილეს, ანუ უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ეს ადამიანი, რომელიც წლებია, მედიაში აღარ მოღვაწეობს, აფხაზეთში მოქმედმა რუსული წარმოშობის სპეცსამსახურელებმა გადაიბირეს. სხვათა შორის, მამამისი თავის დროზე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი გახლდათ. აფხაზურ სპეცსამსახურებს ინფორმაციები შევარდნაძეზე აინტერესებდათ. ჰოდა, ამ პიროვნებისგან იმასაც იგებდნენ, თუ რა ხდებოდა მთავრობასა და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში,“ - უყვება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც აქვე, განმარტავს, რომ გადაბირების სულ სამი მეთოდი არსებობს - პატრიოტული, ფინანსები და კომპრომატები. „ნიუპოსტის“ წყაროს თქმით, ამ კონკრეტული პიროვნების „დავერბოვკება“ მატერიალური დაინტერესება გახდა.
„რუსული სპეცსამსახური აფხაზეთში აფხაზური სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედებდა, შესაბამისად, ეს ადამიანიც რუსული სპეცსამსახურის აგენტურულ კავშირზე იყო, მისი ხელმძღვანელი კი, მოგვიანებით, მოსკოვში დაბრუნდა და დუმა-ში დიდი თანამდებობა მიიღო, თუმცა სპეცსამსახურთან კავშირი არ გაუწყვეტია და ქართველ აგენტს უკვე რუსეთის სასარგებლოდ ამუშავებდა. ქართული მხარისთვის ამ ადამიანის საქმიანობა თავდაპირველად ცნობილი არ იყო, მაგრამ მერე, ყველაფერი ცნობილი გახდა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთში საქართველოს საელჩოს დიდი ზიანი მიადგა და დაზვერვის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც ოფიციალურად საელჩოს თანამშრომლად ითვლებოდა, დაიჭირეს, რამდენიმე კი, რუსეთიდან გააძევეს,“ - იხსენებს „ნიუპოსტის“ რესპონდენტი.
ამბავი, რომელსაც „ნიუპისტს“ ინკონგნიტო პიროვნება უყვება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიგურანტის იდენტიფიცრება შეუძლებელია, სკანდალურია. ასევე, სკანდალურია წყაროს მიერ მოწოდებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტის საფარქვეშ მომუშავე ქართველ ჯაშუშს რუსულ სპეცსამსახურები ინფორმაციაში თავიდან, თურმე, 100 დოლარს უხდიდნენ, თუმცა როგორც წყარო განმარტავს, მოგვიანებით, ეს თანხა ნელ-ნელა გაიზარდა, რასაც ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესება და მისი ახლობლების სხვადასხვა სამსახურში დასაქმება მოჰყვა.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომელსაც ეს პიროვნება რუსულ დაზვერვას აწვდიდა, წყაროს თქმით, ლაპარაკი ძირითადად მოსკოვში საქართველოს საელჩოზე იყო, მაგალითად, როდის უნდა მოსულიყვნენ საელჩოში ამერიკელები.
„ამ პიროვნებამ, როგორც ვიცი, რუსულ სპეცსამსახურებს ისიც აცნობა, თუ როგორ შეიტანეს საქართველოს საელჩოში ამერიკელებმა მოსასმენი აპარატურა. ამ ადამიანთან რუსული უშიშროება 2000-იანი წლების დასაწყისშიც თანამშრომლობდა, მაგრამ მერე აღარ დასჭირდა და თამაშიდან გაიყვანა,“ - ამბობს წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ჩრდილეთის სპეცსამსახურებთან პოლიტიკური ანალიტიკოსების ნაწილიც თანაშმრომლობდეს.
„მათ ვინაობას არ გეტყვით, რადგან ეს არაეთიკურია, მაგრამ არ გაინტერესებთ, უშიშროება იგივე ექსპერტებით რატომ ინტერესდება? რატომ და, - ეს ხალხი ის კატეგორიაა, რომელსაც პირველი პირებისგან ინფორმაციის მოპოვება ისე შეუძლია, რომ თავად რესპონდენტებიც ვერ მიხვდნენ, თუ რა ინფორმაციას გასცემენ. ამიტომ, კონტრდაზვერვამ ყველაზე დიდი ყურადღება ე.წ. მოწყვლად საზოგადოებას უნდა მიაქციოს. ზოგადად, თუ ექსპერტს მუშაობისთვის სათანადო პირობები არ აქვს, შესაძლოა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის გავლენის ქვეშ მოექცეს და საკუთარი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში ჩაებას, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ექსპერტმა არც კი იცოდეს, რას აკეთებს და ყველაფერს ნელ-ნელა მიხვდეს, თუმცა უკვე გვიანი იქნება. ისე, აუცილებელი არაა, რომ აგენტზე უშუალო კონტაქტი სპეცსამსახურის ოფიცერს ჰქონდეს. დავალების მიცემა დაშიფრული პირის მეშვეობითაც შეიძლება. მოკლედ, უამრავი გზა და მეთოდი არსებობს, რომლითაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ამიტომ, ყველა ადამიანმა, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩაბმული, უნდა გააცნობიეროს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროს წარმოადგენს,“ - ამბობს „ნიუპისტის“ წყარო, რომელიც განმარტავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი თითქმის ყველა დიპლომატიურ მისიასა და სავაჭრო პალატაშიც არის.
„ზოგი თვლის, რომ ინფორმაცია აუცილებლად არალეგალური წყაროებით უნდა იყოს მოპოვებული, მაგრამ ნებისმიერი ლეგალური ინფორმაცია, რომელსაც მედია აქვეყნებს, სადაზვერვო სამსახურებისთვის საინტერესოა. სხვათა შორის, ისრაელის სპეცსამსახურები ნებისმიერ ჭორს აანალიზებენ. ზოგადად, უცხოურ დაზვერვაში ანალიტიკურ სამსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან ამის გარეშე სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების გატარება შეუძლებელია. ჩენი უშიშროენის ანალიტიკურ სამსახურზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ერთს აღვნიშნავ: ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელს, მინიმუმ, ორი-სამი „დავერბოვკებული“ პიროვნება უნდა ჰყავდეს და ოპერატიულ საქმეზე მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდეს, რადგან ოპერატიულ სამსახურებს დავალებას ე.წ. მოწყვლად უბნებზე დავალებას სწორედ ანალიტიკური სამსახური აძლევს, მაგრამ ეს სისტემა, როგორც მე ვიცი, ჩვენთან მოშლილია,“ - ამბობს „ნიუპისტის“ წყარო, რომელიც განმარტავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც 2005 წელსაა მიიღებული, რუსეთის საფრთხე ნულამდე არის დაყვანილი.
„შესაბამისად, მე თუ მკითხავთ, ეს უსაფრთხოების კონცეფცია კი არა, ფარატინა ქაღალდია,“ - მიიჩნევს კონფიდენციალური რესპონდენტი და დასძენს, რომ უცხო ქვეყნის დაზვერვისთვის საინტერესონი არიან ასევე, კანცელარიის, თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებიც.
ზოგადად, აგენტების თემა, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ჩვენი „მარადიული პრობლემაა“. ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას პირზე სულ „სუკ-ის აგენტები“ ეკერა. ამის გამო გამსახურდიას ბევრი არასერიოზულად უყურებდა, მაგრამ შემდგომმა წლებმა დაადასტურეს, რომ საბჭოთადროინდელი ჯაშუშები თუ მათი შთამომავლები დღესაც ღიად თუ ფარულად მოქმედებენ. ისე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საგულისხმოა, რომ ქვეყანამ დღემდე ვერ მიიღო ე.წ ლუსტრაციის კანონი. ზოგი ამ კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან თვლის, რომ საბჭოთა აგენტურის დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ „ნიუპოსტს“ იმ ადამიანებმა, რომლებიც სპეცსამსახურების მუშაობაში ერკვევიან, აუხსნეს, რომ აგენტობა ზოგჯერ „მემკვიდრებითაც“ გადადის, თუმცა ეს ვრცელი თემაა, რაზეც „ნიუპოსტი“ მომავალში ისაუბრებს.
ირაკლი ბიძნაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






