ევროპის საბჭოში სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა დასრულდა, ქართული მხარის მიერ წარდგენილი სამივე მოსამართლის კანდიდატურა ჩავარდა. ევროპის საბჭომ კანდიდატების სია უკან დააბრუნა, შესაბამისად საქართველოში მოსამართლეთა შესარჩევად ახალი კონკურსი უნდა ჩატარდეს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე „ნიუპოსტთან“ აღნიშნულ თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი რამ საქართველოს ისტორიაში პირველდ ხდება და ეს „ჭკუის სასწავლებელია“:
„რამდენადაც ვიცი ოფიციალურად გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ უკვე დადასტურდა ჩვენი წყაროებითაც, რომ ეს ასეა. სიის უარყოფა ქვია ამას, ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ეროვნული შერჩევის პროცედურა არ აკმაყოფილებს ევროსაბჭოს სტანდარტებს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ჩვენს შემთხვევაში ეს ისტორიაში პირველად ხდება და არის დასაფიქრებელი, ჭკუის სასწავლებელი.
ჩვენი კულტურიდან, ისტორიიდან, სახელმწიფო ინსტიტუტების რგოლიდან და სამართლის მეცნიერების დონიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატურების მიმართ არ უნდა ჩნდებოდეს კითხვები და ისინი უნდა იყვნენ ენთუზიაზმით აღიარებული ევროსაბჭოს მიერ, ეს არის რისი ამბიციაც ჩვენ გვაქვს, ამის ფონზე, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელი“, - აცხადებს ანა დოლიძე.
ქართულ მხარეს მოსამართლეების კანდიდატებად წარდგენილი ჰყავდა: ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში მოსამართლეთა კონკურსის შერჩევისთვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი ჩავარდა. მმართველ გუნდში აღნიშნულის მიზეზად ქვორუმის არარსებობას ასახელებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






