გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.
ქვეყნის პირველი პირის კიდევ ერთ ვეტოს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს უცნაურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
"ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ცვლილებების პროექტი, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება არის მართლმსაჯულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი. ამ ცვლილებების დროულად მიღებას ელოდებოდა და ამისკენ მოუწოდებდა პარლამენტს სრულიად საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის შიგნით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები დროზე შევიდეს ძალაში და სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე მოახდინოს ის პოზიტიური გავლენა, რომელიც ამ პროექტმა უნდა მოახდინოს"- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ უმრავლესობა იმსჯელებს პრეზიდენტის მირ პარლამენტისთვის გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებზე.
"მგონია, რომ რეფორმის ამ ტალღის გაჩერება და შეფერხება მოხდება"- თქვა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის მსგავსად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უცნაურია":
"მეტად უცნაური გადაწყვეტილებაა იმ ფონზე როდესაც ძალიან დიდი ხანია სასამართლო სისტემა, სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ელოდებოდა და ითხოვდა სასამართლოს მესამე ტალღის მხარდაჭერას და პარლამენტმა შეძლო კომპრომისული, დემოკრატიული ვითარებისთვის კარგი გადაწყვეტილების მიღება ამ ფონზე კი ეს ვეტო ჩემთვის ცოტა გაუგებარია. დაველოდებით კონკრეტულ შინაარსს რა იქნება მოსაზრებებში და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას"- აღნიშნა ბესელიამ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნები დეტალურად განიხილოს.
"ძალიან ყურადღებით გავეცნობით პაკეტთან დაკავშირებით მოტივირებულ შენიშვნებს. პრეზიდენტმა ზოგადად ისაუბრა თუ რას ითვალისწინებდა მისი შენიშვნები, თუმცა დეტალებში როგორ აქვს ეს არგუმენტირებული ამას ჩვენ ვნახავთ და ვიმსჯელოთ რა გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ იქნება გასათვალისწინებელი გარკვეული შენიშვნები, ბუნებრივია პარლამენტი ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს"- თქვა კახიანმა.
მისი თქმით, პარლამენტს 15 დღიანი ვადა აქვს რომ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელოს.
მასალის გამოყენების პირობები






