„ჩვენ მოვითხოვთ რეზოლუციის განხილვას პარლამენტში, რაც ნიშნავს კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოტანას საკითხის, მხილებას მთავრობის მოღალატეობრივი საქციელისა. ეს არის აბსოლუტურად უგუნური კონტრაქტი, რომელიც არის ძალიან წამგებიანი ეკონომიკურად. ჩვენ დავაყენებთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს, რაც გამოიხატება მის გადადგომაში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარტია „ევროპული საქართველო“ გაზპრომის საკითხზე პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს. მათ ინიციატივას, რომელიც ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა, საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში უყრიან კენჭს.
„ხელშეკრულება უნდა იყოს გასაჯაროებული და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 8 თებერვალს დღის წესრიგში იყოს პოლიტიკური დებატების საკითხი. პროცედურულად პლენარულმა სხდომამ უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს პატრიოტთა ალიანსიც. მათი თქმით, მთავრობას შეთანხმების დოკუმენტის გადაგზავნა სთხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ოპოზიციის მოსაზრებებს საპარლამენტო უმრავლესობა არ ეთანხმება და ოპონენტთა განცხადებებს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






