კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მომხრეა, რომ აფხაზეთის, ცხინვალისა და აჭარის რეგიონებს „განსაკუთრებული სტატუსი“ კონსტიტუციით უნდა მიენიჭოთ. სპეციალისტი ამბობს, რომ ცვლილება მთავარი კანონის მეორე მუხლში უნდა აისახოს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში შესაბამისი საკითხი დემეტრაშვილმა დღეს დასვა თუმცა ინიციატივის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა.
დემეტრაშვილის თქმით, ის თუ როგორი იქნება „განსაკუთრებული სტატუსი“, ამაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.
”განსაკუთრებულ სტატუსში ვგულისხმობ იმას, რომ სხვა ტერიტორიული ერთეულებისგან განსხვავებით, მათ უფრო მაღალი იურიდიული შესაძლებლობები ექნებათ. ის თუ როგორი იქნება „განსაკუთრებული სტატუსი“, ამაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა"- აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა.
მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის რამდენიმე წევრმა დასვა საკითხი, რომ კონსტიტუციაში აისახოს, თუ რას ნიშნავს „განსაკუთრებული სტატუსი“.
"მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან მეორე მხარის გარეშე მისი უფლებამოსილებების განსაზღვრა სწორი არ იქნება. კონსტიტუციაში მხოლოდ ის უნდა დაფიქსირდეს, რომ ჩვენ მათ „განსაკუთრებულ სტატუსს“ ვთავაზობთ” - განმარტავს დემეტრაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






