„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მხრიდან წამოსულ კრიტიკას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციას, აღმზრდელებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი ხელფასი აქვთ, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი გამოეხმაურა. ხატისკაცის თქმით, სააგენტოში დასაქმებულების ხელფასი მაღალი არაა და სააგენტოს მენეჯმენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, რათა გააჩნდეს მუშაობისათვის სტიმული.
„ის ხელფასები რაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აქვს რამდენიმე ათეულ დასაქმებულ ადამიანს, მე ვფიქრობ, რომ მაღალი არ არის“- განაცხადა ხატისკაცმა. მისი თქმით, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ჩართულია პროცესში და ხდება იმ თანხების შესწავლა, რომელიც იხარჯება სააგენტოში. ფინანსური მოკვლევა რამდენიმე კვირის შემდეგ დასრულდება.
სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას თქმით, მართებული არაა, რომ ბაგა-ბაღების მმართველი რგოლის ხელფასი შედარებული იქნეს საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელფასთან. ის რომ 166 ბაგა-ბაღის მმართველ რგოლს აღმზრდელზე მაღალი ხელფასი აქვს მენეჯმენტის ჩვეულებრივი სურათია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მისი თქმით, ხათუნა სამნიძის განცხადებების მიზანი სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების გადაფარვა იყო.
შეგახსენებთ, ხათუნა სამნიძემ საკრებულოში რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების“ სახელფასო პოლიტა გააკრიტიკა და განაცხადა რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ბაგა-ბაღის აღმზრდელებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები აქვთ,
მისივე ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა სარგო 2 080 ლარს შეადგენს და ბევრად აღემატება ბაღის აღმზრდელთა საშუალო ხელფასს, რომელიც დაახლოებით 500 ლარია. სააგენტოს დირექტორსა და მის მოადგილეებზე ყოველთვიურად დანამატები გაიცემა, ხოლო დირექტორის ხელფასი 5 750 ლარს შეადგენს.
ხათუნა სამნიძის თქმით, 2017 წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა საპრემიო ფონდი 77 400 ლარით არის განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები






