გამგეობაში ირწმუნებიან, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები არ შეფერხდება. გამგეობებში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება - მათ შორის ისინიც, რომლებიც მიმდინარე წელს იყო გათვალისწინებული, მაგრამ არ შესრულდა.
„2017 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზნები ინტეგრირდება რეგიონალურ ფონდებში. შედეგად გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი პროექტების განხორციელებაში და უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში. შესაბამისად, პროექტები მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივ საჭიროებებს და იქნება უფრო ეფექტური. ერთადერთი პროგრამა, რომელიც 2017 წელს სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება, ეს არის მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი. ამ პროგრამაზე თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ დროებით ხასიათს ატარებდა“. - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპლიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმება მოულოდნელი აღმოჩნდა ადგილობრივებისთვისაც . ოზურგეთში ფიქრობენ, რომ ხალხს აღარავინ შეეკითხება, რა არის ნომერ პირველი პრობლემა, ეს კი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე უარყოფითად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 8 წლის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და თითოეულ სოფელს გარკვეული რაოდენობის თანხა ერიცხებოდა, ადგილობრიბევი აცხადებენ, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მაინც მოუგვარებელია.
რესპონდენტების თქმით, ყველა პროგრამას გარკვეული დადებითი შედეგი აქვს და მათი შეწყვეტით ცხოვრების დონე კიდევ უფრო გაუარესდება:
„რამით თუ შეუძლია სახელმწიფოს დაეხმაროს ხალხს, ამას რა სჯობია. სასარგებლო იყო, როგორ არა“;
„ყველაფერი საჭიროა. დახმარება იყო ის, დღეს კი არაფერი არ არის“;
„ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა ეკონომიურად, დღითი დღე ყველაფერი უარესდება სულ ვღაფავთ, ესეც რომ გააუქმეს, ძალიან ცუდია“;
„ეს პროგრამა იყო და ისიც გააუქმეს, საყანე ფართობებს ვამუშავებდით, ახლა რა უნდა ქნას გლეხმა?“
„ცუდია, რომ გაუქმდა აბა კარგია? სხვა თუ არაფერი საწვავის ხარჯს მაინც ასწორებდა ის ვაუჩერები.“
„გვჭირდება. რატომ უნდა გაუქმებულიყო, რა მიზეზით?! უჭირს ხალხს და ამით კიდევ უფრო გაუჭირდება, მეტი არაფერი“, - აცხადებენ რესპონდენტები.
შეგახსენებთ, სოფლის მხარადაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს თანხა ხმარდება სოფლის როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განვითარებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის პროგრამა არ ითვალისწინებს მხოლოდ შერჩეული სოფლის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თანხა გამოყოფა სოციალური ხასიათის პროექტებზეც, რომელთაც ეკონომიკური სარგებელი არ ახლავთ.
2014 წელს, საერთო ჯამში, 6 445 პროექტი დაფინანსდა. პროგრამის ფარგლებში დაიხარჯა 46,778,617.00 ლარი. შესაბამისად, ერთი პროექტის ღირებულება საშუალოდ 7260 ლარით განისაზღვრა. 2013 წელს დაფინანსდა 6 822 პროექტი, საშუალოდ 7623 ლარის ღირებულების. ისევე როგორც 2013 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, 2014 წელსაც პრიორიტეტები ძირითადად სოფლის ინფრასტრუქტურა, გზის რეაბილიტაცია და წყლის მომარაგებაა.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






