ადამიანის უფლებებისა და სასამართლო რეფორმის თემატური ჯგუფის სხდომაზე სხავადასხვა თემა განიხილეს, რომელთა შორისაც იყო ევროატლანტიკური მისწრაფების სიტყვიერი დადასტურება, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, სახალხო დამცველის არჩევის წესი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხები.
სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს და იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომელებიც მათ სხდომაზე წარადგინეს.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების ჩაწერის წინადადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნის. საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ინიციატივას ჰყავდა როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები.
ფრაქცია ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის წევრის, ოთარ კახიძის, განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოყალიბებულები არიან, რომ ქალაქ ლაზიკას სტატუსის ჩანაწერი კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ, ამავდროულად კი მმართველი გუნდი ლაზიკას პროექტის განხორციელებაზეც საუბრობდა. კახიძის შეფასებით, ეს ფაქტი მმართველი გუნდის მოსაზრებების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს.
ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის გიორგი გუგავას თქმით მათთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების სოციალური უფლებები, ამიტომ მათ სწორედ საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვის, განათლების, საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხები წამოსწიეს წინ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის სოფიო კილაძის თქმით საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული, ამ ეტაპზე კომისიის წევრები სამუშაო რეჟიმში არიან და მიღწეულია მხოლოდ პირველადი კონსენსუსი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. სოფიო კილაძის თქმით გადაწყვეტილება მიღებული არაა არც პარლამენტის ადგულმდებარეობასთან დაკავშირებით, როგორც კილაძემ აღნიშნა, არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია, თავად ის კი პრინციპულ განსახვავებას ამ ორ მოდელს შორის ვერ ხედავს:
” პარლამენტი შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც. მე რომელიმე მოდელში პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია“- განაცხადა კილაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრის თქმით არ არის მიღებული გადაწყვეტილება არც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზეც, რადგან დღევანდელ განხილვაზე წარმოდგენილი იყო, როგორც ამ ჩანაწერის სასარგებლო, ასევე საწინააღმდეგო არგუმენტები.
აღნიშნული ჩანაწერის გაკეთებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება „პატრიოტთა ალიანსი“
მასალის გამოყენების პირობები






