მიუხედავად იმისა, რომ საია წარმოადგენს კომისიის მხოლოდ ორი სამუშაო ჯგუფის (ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველო მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა) წევრს, საიას მიერ წარმოდგენილი საკითხები მიემართება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხთა უფრო ფართო წრეს, არასამთავრობო ორგანიზახიის განცხადებით, მათ მიაჩნიათ რომ აღნიშნული საკითხები ასევე საჭიროებს გახილვასა დაგადაწყვეტას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფორმატის გათვალისწინებით, დოკუმენტი უმეტესწილად აერთიანებს მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებსა და კონკრეტულ წინადადებებს. შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, საია გამოთქვამს მზადყოფნას მიაწოდოს ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ხედვის სრულყოფილი დასაბუთება.
საიას მიერ წარმოდგენილი წინადადებები შემდეგია:
პრეამბულა
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში დაფიქსირდესსაქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დეკლარირებული ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსი და დაისახოს შესაბამის გაერთიანებებში გაწევრიანების მიზნები.
ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი
მიზანშეწონილად მივიჩნევთ მე-14 მუხლის ფორმულირებას შემდეგი სახით:
1. ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლადრასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა,ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა.
2. სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ჩადენილია იგი სახელმწიფო ორგანოსა თუ კერძო პირის მიერ.
3. არსებითი თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფო იღებს საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს, მათ შორის დროებით სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც საჭიროა იმ პირთა ან პირთა ჯგუფის დასაცავად, რომლებიც უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან.
4. სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას შეცვალოს მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენების აღმოფხვრის და იმ ადათ - წესების და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებსაც საფუძვლად უდევს ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების, უპირატესობის, ან მამაკაცთა და ქალთა სტერეოტიპული იდეა.
იმის გათვალისწინებით, რომ თანასწორობის უფლება დაცულია მე-14 მუხლით, 38-ე მუხლში აღნიშნულის ხაზგასმა აღარ წარმოადგენს აუცილებლობას. შესაბამისად, გთავაზობთ 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირებას შემდეგი სახით:
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
მე-19, 24-ე და 23-ე მუხლებს შორის არსებული გადაფარვის აღმოფხვრის მიზნით სასურველია, გატარდეს გარკვეული ცვლილებები. ქვემოთ შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების შედეგად, ერთმანეთისაგან გაიმიჯნება მე-19 და 24-ე მუხლით დაცული სფეროები, მე-19 მუხლით დაცულ სფეროში მოექცევა მხოლოდ რელიგიური და არარელიგიური რწმენის თავისუფლება, ხოლო გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად. შესაბამისად, 23-ე მუხლში დარჩება მხოლოდ ისეთი დებულებები, რაც ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობას ისახავს მიზნად. შემოქმედებითი თავისუფლების პროცესში ჩარევის დაუშვებლობა და შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის დაუშვებლობა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, კი გადაინაცვლებს 24-ე მუხლში.
კერძოდ, გთავაზობთ შემდეგი ცვლილებების განხორციელებას:
კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვები ,,სიტყვის,“ ,,აზრის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ყოველ ადამიანს აქვს სინდისის , აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვები ,,სიტყვის,“ ,,აზრის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის და აზრის თავისუფლება, აგრეთვე უფლება
თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი აზრი მათ შესახებ.
კონსტიტუციის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პრიმა მუხლი:
ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა დაუშვებელია. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია;
კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ამ მუხლის 1-ელი, მე-2 და მე-3 1 პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად,
კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
კონსტიტუციის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია .
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს ინტელექტუალური საკუთრების უფლების არსი.
მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის 28-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოვიდეს ქმედუუნარო პირების თაობაზე ჩანაწერი და საკითხის რეგულირება განხორხორციელდეს შემდეგნაირად:
მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში, რეფერენდუმში და პლებისციტში მონაწილეობის საკითხი განისაზღვრება ორგანული კანონით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით საია ემხრობა საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული რიგი უფლებების კონსტიტუციურ განმტკიცებას. ეს ეხება უფლებებს, რომლებიც ექვემდებარება არა დაუყოვნებლივ
უზრუნველყოფას სახელწმიფოს მხრიდან, არამედ პროგრესულ რეალიზებას. ასეთ უფლებებს მიეკუთვნება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს ზოგადი დებულებები, რათა განიმარტოს მათი არსი და უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნულ უფლებებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. საკითხი შესაძლებელია ფორმულირებული იქნეს შემდეგნაირად:
სახელმწიფო იღებს ზომებს ეკონომიკური და სოციალური უფლებების პროგრესულად სრული განხორციელებისთვის, დამოუკიდებლად, საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით.
სახელმწიფო უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევისთვის.
კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური უფლებები, რომლებიც უნდა ჩაიწეროს/შეიცვალოს კონსტიტუციაში:
შრომის უფლება
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი შესაძლოა ფორმულირდეს შემდეგნაირად:
სახელმწიფო უზრუნველყოფს შრომითი უფლებების პატივისცემასა და ეფექტურ დაცვას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას და უსაფრთხო, ჯანსაღ პირობებს. არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
ცხოვრების სათანადო პირობების და სათანადო საცხოვრებლის უფლება მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს შემდეგი დებულება:
ყოველ ადამიანს აქვს უფლება მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო პირობები, მათ შორის სათანადო საცხოვრებელი.
ჯანმრთელობის დაცვის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის 1-ლ ნაწილს დაემატოს შემდეგი ჩანაწერი: ყველა ადამიანს აქვს უფლება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.
განათლების უფლება
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის 1-ლ ნაწილს დაემატოს შემდეგი ჩანაწერი: განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრულად განვითარების, ღირსების პატივისცემისკენ და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლში მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის გარანტიების ინტეგრირება:
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება:
1. ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი, კომპეტენტური და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან, დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს
არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს მიაყენებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.
2. ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
ა) მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;
ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;
გ) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან, თუ მას არ გააჩნია
საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში;
ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა, ან ილაპარაკოს ამ ენაზე. მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს შემდეგი დებულება ბავშვის უფლებების კონვენციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად:
სახელმწიფო აღიარებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, როგორც ბავშვის უფლებების უზრუნველყოფის ძირითად პრინციპს. სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას ბავშვის სოციალური დაცვისა და კეთილდღეობისთვის. ბავშვის ავტონომიურობის უფლება გარანტირებულია მისი განვითარებადი უნარების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტი
შეიცვალოს საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი, რაც გულისხმობს მაჟორიტარულისისტემის, პროპორციულით ჩანაცვლებას. აღნიშნული სისტემის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 75 წევრი აირჩევა ერთიანი პროპორციული, ხოლო 75 სამხარეო პროპორციული წესით;
საქართველოს პარლამენტში შემოღებულ იქნეს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით დროებითი ხასიათის ღონისძიების სახით გენდერული კვოტირების მექანიზმი; მიზანშეწონილად მივიჩნევთ საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი
სხდომისათვის დადგენილი დროის გაზრდას (მაგალითად, სხდომის გამართვას არჩევნებიდან 25 დღის განმავლობაში, ნაცვლად დღეს არსებული 20 დღიანი ვადისა). აღნიშნული განპირობებულია საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო დავების ეფექტური წარმოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პრეზიდენტი
შენარჩუნებული იქნეს საქართველოს პრეზიდენტის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევის წესი. მიზანშეწონილად მივიჩნევთ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების გამიჯვნა/დაზუსტებას (იმ პირობით, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუნარჩუნდება საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა/გათავისუფლების უფლებამოსილება). საქართველოს პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებები შენარჩუნებული იქნეს უცვლელად.
სასამართლო ხელისუფლება
მიზანშეწონილად მივიჩნევთ საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მეორე ნაწილის შემდეგი სახით ფორმულირება:
მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილების, თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევები და წესი უნდა განისაზღვროს ორგანული კანონით. გადაწყვეტილება მოსამართლის საქმისაგან ჩამოცილების, განთავისუფლების და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას.
ასევე, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ დისკუსიის წამოწყებას ტერმინ „სხვა თანამდებობაზე გადაყვანასთან“ დაკავშირებით. მივიჩნევთ, რომ სასურველია მისი ჩანაცვლება გაცილებით განჭვრეტადი ფორმულირებით, ვინაიდან აღნიშნული არ იქნეს განმარტებული იმგვარად, თითქოს შესაძლებელია მოსამართლის გადაყვანა არასამოსამართლო ფუნქციების მქონე სხვა თანამდებობაზე.
86-ე მუხლის პირველ ნაწილს სასურველია დაემატოს, რომ მოსამართლის დანიშვნის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმები განისაზღვრება ორგანული კანონით. ასევე, ორგანული კანონით განისაზღვრება მოსამართლის დანიშვნის პროცედურა, რომელიც ეფუძნება დამსახურებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
86-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული, მოსამართლის დანიშვნა გამოსაცდელი ვადით, უნდა გაუქმდეს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი წევრების დამოუკიდებლობის გარანტიები. ასევე, დადგინდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ძირითადი პრინციპები, ხოლო მუშაობის წესი განისაზღვროს ორგანული კანონით. აუცილებელია, რომ, კონსტიტუციით უკვე გათვალისწინებულ ამოცანებთან ერთად, საბჭოს უმთავრეს ამოცანად განისაზღვროს
სასამართლოს დამოუკიდებლოს უზრუნველყოფა.
საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ასარჩევი საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრის არჩევის კრიტერიუმები და კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კანონით. ასევე, უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრის არჩევა ღია სხდომაზე.
სასურველია, დისკუსიას დაექვემდებაროს მოსამართლის იმუნიტეტის თაობაზე კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი (კონსტიტუციის 87-ე მუხლი).
ადგილობრივი თვითმმართველობა
მნიშვნელოვნად მივიჩნევთ დისკუსიის წამოწყებას მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხების კონსტიტუციის დონეზე განმტკიცების თაობაზე (უფლებამოსილების ვადა, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნები).
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მსჯელობის წამოწყება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული საარჩევნო სისტემა ეფუძნებოდეს პროპორციულობისა და თანაბარი ხმის წონის პრინციპს.
სხვა საკითხები
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი
მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში გაიწეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქციები, ხელმძღვანელის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გარანტიები.
პროკურატურა
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოსპროკურატურა განისაზღვროს როგორც დამოუკიდებელი ორგანო. დადგინდეს მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. კერძოდ, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ პროკურატურა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, რაც გამოიხატება ანგარიშის წარდგენაში წელიწადში ორჯერ, ასევე პარლამენტის წევრთა 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს ანგარიშგებას კონკრეტულ საქმეებზე. კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს, რომ პროკურატურა ახორიელებს სისხლის სამართლებრივ დევნას, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას და ახორციელებს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. პროკურატურის სისტემის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ადამიანის უფლებათა თავში და ამოღებულ იქნას აღმასრულებელი ხელისუფლების თავიდან.
უსაფრთხოების სამსახური
დემოკრატიის მოთხოვნაა, რომ ისეთი სამსახურები, რომლებიც თავიანთი არსით მაღალი რისკის შემცველია, არ იქნეს დარჩენილი უკონტროლოდ და მათ მიმართ არსებობდეს შესაბამისი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმები. ცხადია, გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია დემოკრატიის სახელით უსაფრთხოების სამსახურებისათვის დამახასიათებელ ფარულ საქმიანობაზე უარის თქმა, თუმცა აუცილებელია მათი გარკვეულ რეგულირებას დაქვემდებარება. აღნიშნული კი სასურველია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტის - კონსტიტუციის დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი. ყველაზე მინიმალური მიდგომა რაც ამ მიმართულებით შესაძლებელია არსებობდეს, მდგომარეობს უსაფრთხოების სამსახურების კონსტიტუციის დონეზე აღიარებაში, ისევე როგორც ამ ინსიტიტუციის ფუნქცია - მოვალეობების ზოგად განმარტებაში. ასევე, მიზანშეწონილია, კონსტიტუციის დონეზე განისაზღვროს მაკონტროლებელი ორგანო, მისი როლი და ის ძირითადი პრინციპები, რაც უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განმსაზღვრელი უნდა გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები






