„არ იქნება სწორი კანდიდატებად იმ ადამიანების წარდგენა, რომლებსაც აქვთ მკაფიო პოლიტიკური ბმა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. ეს ძალიან სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს სასამართლოს ნეიტრალიტეტს და დამოუკიდებლობას და დამაზიანებელი იქნება, როგორც სასამართლოს იმიჯისთვის ასევე მმართველი გუნდის იმიჯისთვისაც, ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ მმართველ გუნდს არ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი,“- განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალბატონი მანანა მთელი ამ წლის განმავლობაში იყო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. იგი ახმოვანებდა ხელისუფლების მოსაზრებებს, მათ შორის იმ კანონპროექტებთან დაკავშირებითაც, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსია გასაჩივრებული და რაზეც მომავალში სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ზოგადადაც ქალბატონი მანანა საზოგადოებაში აღიქმება, როგორც პოლიტიკოსი. შესაბამისად პირდაპირ ასეთი პირის სასამართლოში დანიშვნა სასამართლოს ავტორიტეტს დააზარალებს, რადგან საზოგადოებაში გააჩენს აღქმას, რომ სასამართლოც არის პოლიტიკური პროცესის გაგრძლება.“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ იურისტმა გიორგი ბერაიამ.
არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებს იზიარებს ოპოზიციაც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი თვლის, რომ მანანა კობახიძის არჩევა ხელისუფლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლის მოსაპოვებლად კიდევ ერთი ბერკეტი იქნება:
„საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში ისედაც არსებობდა ბოლო პერიოდში კითხვის ნიშნები, ხელისუფლება ისედაც აძლიერებდა კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოზე. აქედან გამომდინარე კიდევ ახალი, ქართული ოცნებისადმი ლოიალური წევრის არჩევა იქნება დამატებითი ბერკეტი, საკონსტიტუციო სასამართლოზე საბოლოო კონტროლის მოსაპოვებლად.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საპირისპირო აზრზეა მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სამართალში პროფესიონალია და მისი შერჩევა სწორედ ამ კრიტერიუმით მოხდა:
„ჩვენ ვაკეთებთ ისეთ ადამიანებზე აქცენტს, რომელიც იქნება პროფესიონალი და უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი. მანანა კობახიძის პირველი საქმეც კი საკონსტიტუციო სამართალს უკავშირდებოდა. ის არის ამ საქმის პროფესიონალი და თუ ჩვენ მას წარვადგენთ ის თავის საქმეს დაუბრუნდება და იქნება წარმატებული.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ მმართველი გუნდი ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს. „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რეალურ კანდიდატად ყოფილ ვიცესპიკერს მანანა კობახიძეს მიიჩნევენ. მის გარდა საუბარი მიდის კიდევ 3 კანდიდატზეც. არჩევის შემთხვევაში მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტს 10 წლით 2027 წლამდე დაიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






