ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ევროპის საბჭოსა და ეუთო-ში იმსჯელეს
პოლიტიკა - 17:31, 20 Jan, 2017     1573
18-19 იანვარს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება, კერძოდ, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების საკითხი და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადებები სოფელ წებელდასთან ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სასაფლაოს დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლების ხელყოფა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ეუთო-ს, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მკაცრი შეფასება მისცენ რუსეთის უკანონო ქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით. ქართული მხარის განცხადებებში აღინიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონში მდებარე ეკლესიისა და სასაფლაოს განადგურება არის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ 1954 წლის კონვენციის დარღვევა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ქმედება. ქართულმა მხარემ ასევე გამოხატა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებას, ექვსიდან ერთამდე. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმოსვლას და კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ თავისი ქმედებები შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა პოლონეთის დელეგაციამ, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია სოფელ წებელდასთან მომხდარი ფაქტის დროული გამოძიება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფებს არ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა. ამასთან, პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

კულტურული ძეგლების განადგურების და თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის საკითხებზე მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის, აშშ-ს და კანადის დელეგაციებმა. ამერიკისა და კანადის დელეგაციებმა თავიანთ განცხადებებში დაგმეს რუსი სამხედროების მიერ სოფელ წებელდასთან კულტურული და ისტორიული ძეგლების განადგურების ფაქტი. ამ კონტექსტში, ამერიკისა და კანადის დელეგაციებმა ისაუბრეს რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

განცხადებაში ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის რეგიონში თავისუფალი მიმოსვლის უფლების კიდევ უფრო შეზღუდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს მიერ აღინიშნა, რომ მიუღებელია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია. აშშ-ს მხარემ მოუწოდა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დააბრუნოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს შეუზღუდავი ჰუმანიტარული შეღწევა აღნიშნულ რეგიონებში, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

სხდომაზე, ამერიკელმა და კანადელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციამ გამოთქვა წუხილი აფხაზეთის რეგიონში საწვრთნელი ბაზის არეალის გაზრდის მიზნით რუსეთის სამხედრო პერსონალის მიერ კულტურული ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის რეგიონში დაშვების საჭიროებას.

ევროკავშირის მიერ ასევე ნეგატიურად შეფასდა გადაწყვეტილება აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების შემცირების თაობაზე და აღნიშნა, რომ მათი დახურვა, უარყოფითად აისახება ასობით ადგილობრივ მოსახლეზე, მათ შორის სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ამ პუნქტებით. ევროკავშირის განცხადებაში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესს და ზოგადად რეგიონში სტაბილურობას.

ევროკავშირის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რუსეთის ფედერაცია, საქართველოს რეგიონებში თავისი სამხედრო ძალების განთავსებით და სამხედრო ინფრასტუქტურის ზრდით, ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ევროკავშირის პოზიცია გაიზიარეს და მის განცხადებას ასევე მიუერთდნენ ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და ალბანეთი.

აღსანიშნავია, რომ ამასთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა UNESCO-ს გენერალურ-დირექტორს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებისა და მდგომარეობის შესწავლის მიზნით UNESCO-ს მისიის მოვლენის აუცილებლობის თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42