აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სახელმწიფოები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დონეზე წარდგებიან. ღონისძიებაზე საქართველოს წარადგენს ელჩი დავით ბაქრაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებაში.
საქართველოს ელჩი, აშშ-ში აკრედიტირებულ სხვა ელჩებთან ერთად, დაესწრება 45-ე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს კაპიტოლიუმის დარბაზში.
სადღესასწაულო ღონისძიება გაგრძელდება თეთრი სახლის წინ გამართული საინაუგურაციო აღლუმით, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პოდიუმიდან დააკვირდებიან.
დღის ბოლოს, საქართველოს ელჩი ასევე ეწვევა ოფიციალურ საინაუგურაციო მიღებას.
საინაუგურაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩი უკვე დაესწრო საინაუგურაციო კომიტეტის ვახშამს და სადღესასწაულო კონცერტს, სადაც მონაწილეობა არჩეულმა პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.
საქართველოს ელჩი 21 იანვარს ასევე დაესწრება ქ. ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართულ სპეციალურ წირვას.
მასალის გამოყენების პირობები






