გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური სპექტაკლი მოაწყოს და ყველაფერი ისტერიკაში გადაიტანოს. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამის რეალური საფუძველი არ არსებობს:
"კახა კალაძეს უარი არ უთქვამს, არის საკითხები, რომელზეც რეგლამენტით არ არის აუცილებლობა, რომ დაუყოვნებლივ გამოიქცეს და დაიწყოს ამ თემაზე კომენტარების გაკეთება. საკითხზე არის სრული ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან. რაც შეეხება თავად თემას, საინტერესო თემაა, მაგრამ ყველაფერი ზედაპირზე დევს. მე ვფიქრობ, "ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის საკითხებში. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგია, მათ შორის ამ ჯგუფის, რომელიც ითხოვს ამ საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას. აბსოლუტურად ყველაფერი ნათელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკი ასევე ეხმაურება უმცირესობის მოთხოვნას, დებატებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამის რეალური საფუძველი არ არსებობს:
"რაზე უნდა ვიდებატოთ? იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს გაზი? გადახდილ იქნეს თუ არა სატრანზიტო გადაზიდვისთვის გარკვეული თანხა? და გვაქვს თუ არა რესურსი იმის, რომ რუსეთს რასაც ვეტყვით, როგორც დავუქნევთ თითს, ისე იმოქმედებს? ეს არის სადებატო თემა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ სკანდალური ფონის და სცენარის აგორება არის მთავარი პოლიტიკური მიზანი. დანარჩენი ამის უკან არ არსებობს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






