“18-ში 00:15 საათზე შემოვიდნენ ჩემთან სახლში შეიარაღებული პირები, მოვთხოვე ჩხრეკის ორდერი და მითხრეს, რომ არაა აუცილებელი, რადგან გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებდნენ. დაახლოეიბთ, 7-8 ადამიანი შემოვიდა, დაიწყეს ჩხრეკა. ორი ძირი კულტივირებული მცენარე მქონდა. მე ავად ვარ და ორი წელია სახლში ვწევარ, C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და პანკრიატიტი მაქვს. თავის მკურნალობა რითაც შემეძლო და ჩემი ჯიბე რასაც წვდებოდა, ეს იყო კანაფი. ამას ორი წელიწადია ვხმარობ, ყველას უკვირს როგორ ვარ ცოცხალი ამდენი ხანი, თვითონ ექიმსაც. ტკივილების გასაყუჩებლად ვიყენებ. მე ახლაც დიაკვანი ვარ. ჩემთვის არავის აუკრძალია დიაკვნობა. დაიწყეს ქილიკით ლაპარაკი, გარდერობის ნივთების მორგება დაიწყეს, გამომძიებელმა შლაპა დაიხურა, “მევასებაო”. განყოფილებაში წაყვანამდე მცენარეებთან სურათების გადაღება დაიწყეს, მერე მეც დამიძახეს, ჩემთან მოდიო, ხელი გადამხვიეს კანაფის ფონზე და “სელფები” გადაიღეს. მქონდა ანტიკვარული იარაღი, ჩვეულებრივი კარკასი, ბავშვი თამაშობდა. პოლიციის უფროსს ვასილ მახვილაძეს მოეწონა, ეს რათ გინდა შენო და ჩაიდო ჯიბეში.“- განაცხადა გიორგი ჯახუა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა "გირჩის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი, მისი თქმით ხელისუფლება რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აგრძელებს, რომლის გამოვლინებებიც განსაკუთრებით ხშირი რეგიონებშია.
შსს-ს თქმით გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არაა და მისი სახლიდან იარაღი არ ამოუღიათ. უწყების ცნობით, გამოძიება 260-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






