განცხადებაში, რომელიც ე.წ. საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა აღნიშნულია, რომ საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებები რუსი სამხედროების მიერ სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან სოფელში უკვე არსებობს პოლიგონი, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. თავდასხვის სამინიტრო იყენებს.
ე.წ. საგარეო უწყების ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აფხაზურ მხარეს შეუძლია სოფელი წებელდის მიმდებარე ტერიტორია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცეს ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებისთვის.
„იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს, გაუგებარია, თბილისის აღშფოთება ამ მხრივ“ - ნათქვამია განცხადებაში.
"რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ისტორიული ძეგლის დანგრევის შესახებ, ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს რეალობის დამახინჯებას. ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. ამ საქმის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად უკვე შექმნილია სპეციალური კომისია აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს. მუშაობის შედეგები გამოცხადდება მედიის საშუალებით და მისი გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ან ორგანოსთვის იქნება ხელმისაწვდომი“ - ნათქვამია დეფაქტო უწყების კომენტარში.
მათივე განცხადებით, გაოცებას იწვევს თბილისის მიმართვა „იუნესკოსადმი“ აღნიშნული ძეგლის საკითხზე.
„1992-93 წლებში ქართული ჯარი უმოწყალოდ ანგრევდა ფასდაუდებელ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ცდილობდნენ გაენადგურებინათ ყველაფერი, რაც კი დაკავშირებული იყო აფხაზეთის ისტორიულ და კულტურულ წარსულთან . თუმცა, იმ დროს მსგავსი „წვრილმანები“ არც ისე ძალიან აწუხებდათ საქართველოს ლიდერებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტოს ფაქტების პოლიტიზება, რომელიც დაკავშირებულია ძეგლების და კულტურული ფასეულობების მდგომარეობასთან და მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტროს ექსპერტებისა და იუნესკოს შორის კონტაქტების დამყარებას აფხაზეთის კულტურული ძეგლების დასაცავად.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 3 სოფელ წებელდაში მძიმე ტექნიკამ სამხედრო პოლიგონის მშენებლობისთვის ტერიტორიის მომზადებისას, მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






