ევროპარლამენტის სამი ფრაქციის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისადმი 2017 წლის 6 იანვარს გაგზავნილ წერილში, იმ საკითხთა შორის, რომელთა მოუგვარებლობაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, დაასახელეს პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ აფილირებული პირების მსჯავრდებისა და პატიმრობის საკითხი ე.წ. „კაბელების საქმეზე“.
„თავისუფალი დემოკრატები“ უპირველესად მადლობას ვუხდით ევროპარლამენტარებს, ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულ, უსამართლობის ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილებისა და რეაგირების გამო.
ამასთან, ვეხმაურებით რა ევროპარლამენტართა აღნიშნულ განცხადებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ხელი აიღოს სისხლის სამართლის მოცემულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასა და სასამართლოზე ზეწოლისაგან, რაც ამ საქმის წარმოების დაწყების პირველივე დღიდან დაუფარავად და საჯაროდ განახორციელა „ქართული ოცნების“ ფაქტობრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, წინასწარ გამოაცხადა რა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დამნაშავეებად.
ეს ზეწოლა გრძელდება დღემდე, მიუხედავად საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტების მიერ „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით წარდგენილი ოფიციალური პოზიციებისა, მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ პირთა უდანაშულობის შესახებ.
ასევე შევახსენებთ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას, რომ მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისაგან და მოვუწოდებთ მას, რომ აღარ დაექვემდებაროს მმართველი პოლიტიკური ძალის ზეწოლას და მოცემულ საქმეზე მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
სასამართლოს პასუხისმგებლობას მართლმსაჯულების პირუთვნელად აღსრულებაზე მოცემულ შემთხვევაში კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ სწორედ საქართველოს სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სამართლიანობის მიმართ გაჩენილი კითხვის ნიშნები გახდა ევროპარლამენტის წარმომადგენელთა შეშფოთების საგანი, რაც მათივე თქმით, ხელისშემშლელი გარემოებაა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






