ვიქტორას პრანცკიეტისთან შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე ლიტვის აქტიური მხარდამჭერი პოზიცია, რაც მკაფიოდ არის ასახული ლიტვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციებშიც.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ვიქტორას პრანცკიეტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად ახლო მომავალში ეწვევა საქართველოს.
შეხვედრისას ასევე მაღალი შეფასება მიეცა „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში ლიტვის მიერ საქართველოსათვის გაწეულ დახმარებას.
ლიტვის სეიმის სპიკერთან შეხვედრაზე მიმოიხილეს კულტურისა და განათლების სფეროში, ასევე ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლიდარობა გამოხატა ლიტვის თავისუფლების დამცველთა დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1991 წელს ვილნიუსში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების საპატივცემულოდ 13 იანვარს აღინიშნება.
ლიტვას მიხეილ ჯანელიძე 12-13 იანვარს სამუშაო ვიზიტით ეწვია, რა დროსაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში „Snow Meeting 2017”.
მასალის გამოყენების პირობები






