როგორც გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება გუნდი, რომლეიც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას შეძლებს. მისი თქმით სწორედ ეს არის გუნდი, რომელიც ენმ-ს გამოეყო:
„ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ორი ძირითადი ურთიერთდაკავშირებული ამოცანა, ერთი არის დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი, მეორე არის ამ გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი ძალიან სერიოზული პრობლემებისადმი გამკლავება, ისეთი გამოწვევებისადმი, როგორიც არის რუსეთის აგრესია, არსებული ოკუპაცია, ეკონომიკური კრიზისი, ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად. ამ ამოცანების გადაწყვეტას სჭირდება გუნდი რომელსაც აქვს რწმენა და ნებისყოფა, გუნდი, რომელსაც ესმის სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი რათა ქვეყანა გარე მტრისგან დაიცვას, კრიმინალს თავი არ ააწევინოს, მოქალაქე მოძალადისგან დაიცვას, მაგრამ ესმის კარგად, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული, რათა საფრთხედ არ იქცეს. ამას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ რასაც ბელადი გიბრძანებს, ის კი არ არის სწორი, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები არის მთავარი. სჭირდება გუნდი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით ხალხის მიერ, მხოლოდ ეს გუნდი შეძლებს წინსვლას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






