დღეს არასრულწლოვანი მეძავების დიდი ნაწილი კლიენტებს საკუთარ სხეულს ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით სთავაზობს და ხშირ შემთხვევაში თანხას სწორედ ე.წ დახურულ კლუბებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მომსახურებით გამოიმუშავებს.
ქართველი მამაკაცების ეთნიკური დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების შესახებ ადრეც არაერთხელ დაწერილა, ქართველი მამაკაცები სოციალურ ქსელებში აქტიურად იტყობინებოდნენ, იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ღამის კლუბებში მომუშავე დაცვას, მფლობელებისგან პირდაპირ დავალებული აქვთ, რომ დაწესებულებაში ქართველი მამაკაცები არ შეუშვან.
მსგავს კლუბებში ქალებს უპრობლემად უშვებენ, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პირად საუბრებში კლუბის ადმინისტრატორები არ მალავენ, რომ ყველა მსგავსი ღამის კლუბი პროსტიტუციის ბუდეა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულია და ცაკლკე თემაა. (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა სსკ 254-ე მუხლი).
ამ ყველაფრის მიუხედავად, არალეგალურად საქართველოში არაერთი ასეთი ადგილი არსებობს.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რატომ გაახსენდა გიორგი კვირიკაშვილს ეს პრობლემა დღეს? რომელმაც მთავრობის სხდომაზე თავდაპირველად თქვა, რომ მისი ინფორმაციით, "გარკვეულ კლუბებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ". პრემიერმა სხდომაზევე მიმართა შს მინისტრს და გიორგი მღებრიშვილს დისკრიმინაციული მიდგომით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ამ განცხადებიდან ორ საათში, ისე რომ მთავრობის სხდომა დასრულებულიც კი არ იყო, კვირიკაშვილი მედიაცენტრში მოულოდნელად გამოჩნდა და თქვა, რომ არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს ის ვზრუნავს, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში, პრემიერის განცხადებით „იქ პროსტიტუციაა, რის წინააღმდეგ ზომების მიღებაც დაავალა შსს-ს“.
„მოხდა არასწორი ინტერპრეტირება და არასწორი მიმართულებით გამოიტანეს დასკვნები. მაშინვე ჯობდა ალბათ მეტი განმარტებების გაკეთება, მაგრამ ერთი საათია გასული და მე მგონია, არც ახლა არის გვიან. რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია „ვარდების მოედნის“ ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ნიუპოსტს“ კი კომპეტენტური წყარო უყვება, რომ თბილისში მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის განკუთვნილ საროსკიპოებს თუ ე.წ. ბორდელებს, ქართველი კრიმინალები მფარველობენ, მეტიც მსგავს დაწესებულებებში არასრულწლოვან გოგოებს აიძულებენ, პროსტიტუციით დაკავდნენ.
არსებული ინფორმაციით, ასეთ დაწესებულებებში ასევე ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, რეალიზაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, იქ კრიმინალი ჰყვავის.
მეტიც, წყაროს ცნობით, „ვარდების მოედნის“ ქვეშ მდებარე უცხოურ კლუბებში კლიენტებს არასრულწლოვანი ქართველ გოგონებთან ერთად ტრანსგედერებიც ემსახურებიან და მისივე მტკიცებით ამ „ბიზნესს“ საკმაოდ გავლენიანი მაღალჩინოსნები მფარველობენ. „ოცნებასთან დაახლოებული“ პირი ვარაუდობს, რომ კვირიკაშვილმა ეს თემა მასთან დაპირისპირებული თანაგუნდელების გასაგონად გააკეთა.

„ნიუპოსტი“ ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ღამის კლუბებში იმყოფებოდა, ჩვენი კორესპონდენტი დილიდან ცდილობდა დაწესებულების ადმინისტრატრაციისგან მიეღო პასუხი პრემიერის ბრალდებებზე, თუმცა არც ერთი კლუბის მენეჯერი ჟურნალისტებს ადგილზე არ დახვდა.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობთ, ადგილზე მასმედიის მობილიზების შემდეგ, კლუბის ტერიტორიაზე ,,ჯიპის" მარკის ავტომობილი გაჩერდა. იქიდან გადმოსული პირი მედიას „მუშად“ გაეცნო, მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტების დაინტერესების მიზეზი შეიტყო, კომენტარის გაკეთება არ ისურვა და იგივე ძვირადღირებული მანქანით დატოვა ტერიტორია.
დავით ჯაბაშვილი - ნიუპოსტი
მასალის გამოყენების პირობები






