კვირიკაშვილმა დღეს, 11 იანვარს მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დისკრიმინაციაზე ისაუბრა.
“რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე კაფეები, თუ დაწესებულებები, სადაც სამწუხაროდ ხდება კანონდარღვევები, მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს ”- აღნიშნა კვირიკაშვილმა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით მინდა რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული”- ამ განცხადებიდან 2 საათში პრემიერი მედიის ოთახში მოულოდნელად გამოჩნდა და ღამის კლუბებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა.
“დამატებითი განმარტება მინდა გავაკეთო მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, მოხდა არასწორი ინტერპრეტირება.
რაც შეეხებოდა ღამის კლუბებს, რომლებიც ძირითადად არის კონცენტრირებული რესპუბლიკის მოედნის ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობაა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ ქართველი ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და მოახდინეს ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, ვინც ასე გაიგო. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩემთვის სამწუხაროდ ხდება ამ კლუბებში ის,რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა რაც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე ამ საკითხის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა იმ კუთხით რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამარიბითი სქესის ადამიანებს.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ მათთვის ვისაც არასწორი დასკვნა აქვს გამოტანილი, იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში და ეს არის დიდი პრობლემა. მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






