ფუტკარაძე აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ ახლაც სამსახურში ვარ და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. ხვალაც ვაპირებ მოვიდე და ვიმუშავო“- თქვა ,,საზოგადოებრივ მაუწყებელის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
კითხვაზე თუ იცის არხზე დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ, გიორგი ფუტკარაძემ აღნიშნა: „საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უნდა ჰკითხოთ, არხის გენერალურ დირექტორს“.
დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ GDS-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები და წამყვანები ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გააგრძელებენ მუშაობას.
გიორგი ფუტკარაძეს ეკა შონია შეცვლის, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტს უფროს გიორგი გვიმრაძეს კი GDS-ის სახე ნათია თოიძე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს.
ამ ეტაპზე არც ფეიქრიშვილი და არც თოიძე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მეტიც, როგორც მიშა ფეიქრიშვილმა "ნიუპოსტს" უთხრა, ის 2030 - ის მოქმედი თანამშრომელია და ამ ეტაპზე არც არავისთან აქვს მოლაპარაკებები.
"გულწრფელად გეუბნებით, ჯერ არავითარი შემოთავაზება არ მაქვს, იქიდან გამომდინარე რომ არ ვარ უსამსახუროდ. თუ სამსახურის გარეშე დავრჩები, შემდეგ დავიწყებ სამსახურის მოძიებას. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის არც შემოთავაზება მქონია და არც არასდროს მქონია ამ თემაზე საუბარი არავისთან. როგორც ავღნიშნე ვმუშაობ 2030-ში, ოფიციალურად 2030 არ დახურულა. არხზე ვრჩებით თანამშრომლებად. ბოლო დროს იმდენი ინფორმაცია გავიგე ჩემზე, რომ არ ვიცი რა ვთქვა, არც ის ვიცი საიდან მოდის ეს ინფორმაციები"- უთხრა "ნიუპოსტს" ჟურნალისტმა.
მასალის გამოყენების პირობები






