კონკრეტულად, გაცემული თანხის რაოდენობა ჩვენთვის უცნობია, რადგან არც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გია მამაკაიშვილი და არც გამგებლის მოადგილე, არჩილ ყაზაიშვილი, რომელიც უშუალოდ ამ სფეროს კურირებს, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
გაცემული თანხის რაოდენობაზე ვერ გვიპასუხა ვერც საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ.
გადამოწმებული ინფორმაციით, წინასაახალწლოდ ხელფასზე დანამატი არ აუღია, მაღალი თანამდებობის პირების.(გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები).
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოფიციალურად განაცხადა, რომ არც 2016-ში და არც მიმდინარე წლის ბიუჯეტში პრემიებისა და დანამატების თანხა გათვალისწინებული არ იყო და ის არ გაიცემოდა, დღეს გვეუბნება, რომ სიტყვა ითქვა, თუმცა რადგან ბიუჯეტში თანხა მორჩათ, გადაწყვიტეს, რომ თანამშრომლებზე გაეცათ:
„კი ვთქვი, არ გაიცემოდა არც პრემია და არც დანამატი, მოხდა ისე, რომ ყველა ვალდებულება იყო შესრულებული და დარჩა თანხა. ეს იყო პრემია, რომელიც აიღო გამგეობასა და საკრებულოშ ყველამ, გარდა გამგებლისა, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისა. ზუსტად ვერ გეტყვით რა თანხაზეა საუბარი. მაგრამ სოფლის რწმუნებულებმაც რომ მიიღეს ეს თანხა, ვიცი“-გვითხრა დიმიტრი კვერღელიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია კი გვეუბნება, რომ დანამატები და პრემიები 2017 წლის ბიუჯეტში არ იქნება გათვალისწინებული და საკრებულოს სხდომაზეც ეს ითქვა. რაც შეეხება მიღებულ დანამატებს, დარჩია გვეუბნება, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ეს ყველა თანამშრომელმა დაიმსახურა:
„საკრებულოზე არ გვითქვამს, რომ არ დარიგდებოდა 2016 წელს, საუბარი იყო 2017-ზე. ყველა ვალდებულება შესრულდა და ამიტომ ვთვლი, რომ დამსახურებულად მიიღო ყველამ ეს დანამატი. მე არ ამიღია“-გვითხრა დარჩიამ.
მუნიციპალიტეტის პირველი პირები დაახლოებით ერთი თვის წინ „გურიის მოამბესთან“ საუბარში 2016 წლის ბიუჯეტიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემას კატეგორიულად უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ვერც ერთი საჯარო მოხელე ბიუჯეტიდან დამატებით თანხას ვერ მიიღებდა.
გამონაკლისი მხოლოდ სამხარეო ადმინისტრაცია გახდა, სადაც პირდაპირ დაგვიდასტურეს, რომ პრემიები სააღდგომოდაც მიიღეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმა კვერღელიძის თქმით, 2016 წელს პრემიებს და სახელფასო დანამატებს, საჯარო მოხელეები არ მიიღებდნენ.
„ვითვალისწინებთ ჩვენი ბიუჯეტის საკითხს და უარს ვამბობთ პრემიების აღებაზე, ამით 177 000 ლარის ეკონომია გავაკეთეთ, ეს თანხა გადანაწილებული იქნება სოციალურდა ინფრასტრუქტურულ პაკეტებზე.
როცა სოციალური ფონი მაღალია და ხალხს უჭირს, ჩვენ პრემიებს და დანამატებს ვერ მივიღებთ.“ - ირწმუნებოდა კვერღელიძე.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






