დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ კომენტარები მინისტრთა რიგებში კეთდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელია და შესაბამისად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს.
ვიცე-პრემიერის თქმით, უგულავასთან დაკავშირებით სხვა კონკრეტულ საკითხებზე არსებობს კითხვები, რომლებზეც დედაქალაქის ყოფილ მერს პასუხების გაცემა აუცილებლად მოუწევს:
„სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, რამდენად სასიამოვნო თუ არასასიამოვნო უნდა იყოს კონკრეტულ ფაქტებზე მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენთვის, ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რაც შეეხება ბატონ უგულავას, მე როგორც ვიცი, სხვა კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომლებზეც მას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას სასჯელი შეუმცირდა, მან 1 წელი 3 თვე და 22 დღე შეადგინა, „ამნისტიის შესახებ კანონის“ შესაბამისად კი უგულავა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გუშინ საღამოს გათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები






