მაღლაფერიძის თქმით, ის იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მედია ბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე გახდეს.
„ორშაბათიდან ვიწყებთ ინვენტარიზაციას იმისთვის, რომ გავიგოთ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია და ვიწყებთ გრძელვადიანი გეგმის გაკეთებას, სადაც იქნება გაწერილი ყველა აქტივობა. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ნიუსრუმი,“- განაცხადა მაღლაფერიძემ.
მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა არც საკადრო ცვლილებები გამორიცხა და აღნიშნა, რომ გარკვეული ცვლილებები მენეჯმენტში განხორციელდება, თუმცა როგორც მარლაფერიძემ განაცხადა მისთვის მთავარი დასაყრდენი, მაინც არსებული კადრები და რესურსი იქნება:
„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ძალიან მაღალი ინტელექტუალური რესურსით, ოღონდ მას სჭირდება სწორი ორგანიზება. ჩემი ძირითადი საყრდენი იქნება ადგილობრივი კადრები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს მენეჯმენტში, ეს ბუნებრივი ამბავია. საზოგადოებრივი მაუწყებელი გახსნილი უნდა იყოს იმ კადრებისთვის რომლებიც ჩვენ დაგვჭირდება.“- აღნიშნა მაღლაფერიძემ.
მაღლაფერიძის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც მის არჩევას სკეპტიკურად უყურებდნენ, ის პასუხს გაკეთებული საქმით გასცემს:
„სკეპტიკოსებს აქვთ კრიტიკის უფლება, ჩვენ საქმით უნდა ვუპასუხოთ. მე არ ვაპირებ მათ მჭერმეტყველებაში გავეჯიბრო“- განაცხადა მაღლაფერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






