დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში კვლავ გრძელდება. დღეს ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 20 იანვარს ენმ-ს ყრილობა ჩატარდება და ამას „იმ ვიწრო ჯგუფის“ წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს, რომელიც ცდილობს ამ ყრილობის არალეგიტიმურად ცნობას.
აღნიშნულს ელენე ხოშტარია გამოეხმაურა. ხოშტარიას თქმით, ისინი ცდილობენ ნაციონალური მოძრაობა გახდეს პარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას შეძლებს:
„ადამიანისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, იმაზე, რომ ეს ყრილობა ამ პროცესით, როგორც მიდის, ვერ მოხდება მისი ორგანიზება, არ იქნება სამართლიანი და ლეგიტიმური, დღეს სამწუხაროდ ჩაერთო იმავე კამპანიაში, საკუთარ მეგობრებზე თავდასხმაში. გუნდი, რომელსაც აქვს სამართლიანი კითხვები პროცესის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა პარტია, არა ერთ ბელადზე ჩამოკიდებული, არამედ აზრთა სახვადასხვაობაზე, დემოკრატიულ პროცესზე დაფუძნებული, არის ძალიან მტკიცე, ძალიან დიდი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 40-მდე ხელმოწერა მხოლოდ თავმჯდომარეებისა, ეს არ არის სრული გუნდი, ჩვენ ვართ გაერთიანებული არა ვინმესთან ჯიბრის გამო, არამედ მთავარი ამოცანის გამო, რომ პარტია იყოს იმდენად მძლავრი და ძლიერი, პრინციპებზე დაფუძნებული, რომ შევძლოთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






