ალეკო ელისაშვილმა მერიის შიდა აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო ბიუჯეტს ნახევარ მილიონიანი ზარალი მიადგა.
ელისაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ არქიტექტურის სამსახურმა კოეფიციენტის არასწორი კალკულაციის გამო, დედაქალაქს 402 ათასი ლარის ზარალი მიაყენა:
„შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას პროკურატურამ, რადგან ეს არის მერიის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა. სადაც არის სიტყვასიტყვით დადასტურებული ის, რასაც მე ვედავებოდი ყოფილ მთავარ არქიტექტორს, დიმიტრი მოსულიშვილს. ჩვენ შეტაკებაც გვქონდა, ლამის ფიზიკური ცემა-ტყეპაც. მე ვამბობდი, რომ ის იყო მექრთამე და კორუფციის საფუძველზე გასცა მან ნებართვები. ერთ-ერთ ნებართვაზე რაზეც ვედავებოდი, საბურთალოს 85-ზე, ამ დასკვნაში პირდაპირ არის დადასტურებული, რომ არქიტექტურის სამსახურმა შეგნებულად არასწორად მოახდინა კოეფიციენტების კალკულაცია. შეგნებულად დაარღვია კანონი, რითაც 402 ათასი ლარის ზარალი მიაყენა დედაქალაქს. ზარალი იმაში გამოიხატებოდა, რომ 10 სართულიანი კორპუსი გაასაღეს 6 სართულიანად, თქვეს, რომ ის ოთხი სართული მიწისქვეშ იყო, სინამდვილეში იყო მიწის ზემოთ. აუდიტის სამსახური მიმართავს პროკურატურას, რადგან სახეზეა დიდი რაოდენობით თანხის დამალვა და ზარალი თბილისის ბიუჯეტისთვის, მოითხოვს, რომ აღძრას საქმე“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






