„ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, ლარი კვლავ არასტაბილურია. 2017 წელს ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები, რათა კარდინალურად შეეცვალა ეკონომიკური გარემო და გაეჩინა გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის განცდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო, იყო ბიუროკრატიისა და ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. გირჩი ორი წლის განმავლობაში საუბრობდა ამის შესახებ. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ჩვენ ხელთ არსებული საკომუნიკაციო არხი, რათა დაგვერწმუნებინა, ერთი მხრივ, ხელისუფლება, მეორე მხრივ კი, საზოგადოება, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარების სხვა რეცეპტი უბრალოდ არ არსებობს.
თუმცა ნაცვლად ხარჯების შემცირებისა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ფასები გაეზარდა საწვავზე, თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ავტომანქანებზე და სხვ. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ გვითხრა შემდეგი - არსებული ბიუროკრატია იმდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ ის არათუ უნდა შევამციროთ, არამედ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა მის შესანახად (ან მის მიერ განსაკარგად) უფრო მეტი ფული უნდა გადავიხადოთ გაზრდილი გადასახადების/ფასების სახით!
„გირჩს“ ამის არ სჯერა. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „დააშრე ჭაობი!“. ჩვენ, ჟურნალისტებთან ერთად, პერიოდულად ავარჩევთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რომელიმე სტრუქტურას და მივმართავთ ხელისუფლებას შემდეგი თხოვნით:
• აარჩიოს ამ სტრუქტურის ერთი, ნებისმიერი თანამშრომელი
• დაგვრთოს ნება, ვნახოთ და გადავიღოთ ამ თანამშრომლის ერთი სამუშაო დღე
ამ კამპანიის მიზანი არ არის შოუს მოწყობა ან რომელიმე კონკრეტული საჯარო მოხელის დისკრედიტაცია. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ მოქალაქეებს რაში იხდიან ისინი გადასახადებს, რატომ უწევთ მათ გაზრდილი ფასის გადახდა რიგ პროდუქტებში და საბოლოო ჯამში, რატომ არის გაჩერებული ქვეყნის ეკონომიკა.“- აღნიშნულია „გირჩის“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






