ფლავისმანში პარლამენტის წევრები ტარიელ თენაძის და ილია ტატულაშვილის ოჯახებს ესტუმრნენ და საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. დეპუტატებისგან საახალწლო საჩუქრები მიიღეს სოფელ ქვეშში მცხოვრები ირმა ინაურის, ანდრო ცოხნიაშვილისა და გიორგი ქონიაშვილის მრავალშვილიანმა ოჯახებმაც.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და მათ დახმარება აღუთქვეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ გვერდში დგომას საჭიროებს და ისინი ამას ყოველთვის უნდა გრძნობდნენ.
„მთავარი მიზანია, ამ ხალხს ჰქონდეს განცდა, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვართ. დანარჩენი არის სიმბოლიზმი, რომ ამ ხალხმა უნდა იგრძნოს ზრუნვა ჩვენი მხრიდან. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ის ემოციები, რაც საბოლოო ჯამში გამთლიანებისკენ, დეოკუპაციისკენ განაწყობს როგორც ხელისუფლებას, ასევე, ჩვენს ხალხს. ამ პოზიციაში აბსოლუტურად ერთიანები უნდა ვიყოთ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის თქმით, კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და დღევანდელი სტუმრობით უმრავლესობის წევრებს საახალწლო განწყობის მათთან ერთად გაზიარება სურდათ.
„ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზანია ვნახოთ ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ჩვენგან. ამიტომ, მათ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ ვართ ძალიან პასუხისმგებლიანი და მზრუნველი მათთან დამოკიდებულებაში და ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად დაინტერესებულია, თუ რა ხდება აქ და როგორია მათი ცხოვრების პირობები. ეს არის მთავარი იდეა, თუმცა, დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა-ეს არის ახალი წლის განწყობა, რომელიც გვსურდა, მათთან ერთად გაგვეზიარებინა. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის წლები, რომლებიც წინ გველოდება, იქნება დაახლოება იმ მიზანთან, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. დეპუტატმა კონფლიქტის ზონის სოფლებში მაცხოვრებლებთან შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ეს ჩვენ თავად გვაძლიერებს, იმიტომ, რომ ასეთ ძლიერ ადამიანებთან შეხვედრა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ამ ადამიანებისთვის. კონტექსტი იგივეა, რაც წინასაარჩევნო რეჟიმში იყო -ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ რეჟიმში ვიქნებით და ვიმუშავებთ ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ, თითოეულმა მაჟორიტარმა, ჩვენს საარჩევნო ოლქებში განვახორციელეთ ფრაგმენტულად ასეთი აქციები, მაგრამ გვინდოდა, რომ რაღაცას ამ წინასაახალწლოდ გავეერთიანებინეთ და ერთიან საქართველოზე ფიქრზე უკეთესი იდეა არ არსებობს და უკეთესი ნატვრაც არ მოიძებნება საქართველოს მოქალაქისთვის. ასე რომ, ჩვენ სიმბოლურად გამოვხატეთ ჩვენი უმთავრესი ნატვრა და იდეა საახალწლოდ, რომ რაც შეიძლება მალე ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
დეპუტატების ინიციატივით, უახლოეს მომავალში კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრები ბავშვები დედაქალაქს ესტუმრებიან, სადაც სპეციალურად მათთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ასეთი ღონისძიებები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






