მიღწევების ჩამონათვალში ოცნების დეპუტატები ქვეყანაში გაზრდილი საწარმოო პროცესს, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” და იუნესკოს მიერ ქართული ანბანისთვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭებას ასახელებენ.
"საქართველომ თავისუფალი - დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოახერხა, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის კუთხით. ჩვენ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და საქართველომ პრაქტიკულად ყველა ბარიერი გადალახა ვიზალიბერალიზაციისთვის"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპირისპირო აზრი აქვთ ოპოზიციაში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ 2016 წელს მთავარი ჩავარდნა ლარის გაუფასურება, მძიმე სოციალური ფონი და გაძვირებული პროდუქცია, რომელსაც ოპოზიციის თქმით ხელისუფლება ვერ უმკლავდება.
"2016 ძალიან სამწუხარო წელი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის, ექსპორტი არის 2011 წლის ნიშნულზე ანუ 5 წლით უკან დავიხიეთ. ლარი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდა, ძალიან მძიმე ვითარებაა პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. მთავრობამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 29 სექტემბერს შემოიტანა ბიუჯეტი, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული არც გადასახადების ზრდა, არც ახალი გადასახადების შემოღება"- თქვა ოთარ კახიძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციას არადამაიმედებელი პროგნოზი აქვს. თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე ვარაუდობს, რომ რთული იქნება 2017 წელიც, რადგან ხელისუფლების გეგმებში არ აისახა საარჩევნო დაპირებები.
„მედიის დამოუკიდებლობას შეექმნა საფრთხე, სასამართლო არის დამორჩილებული და პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის მთავარი ამოცანა იქნება, რომ ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი წაიღოს ქართულმა ოცნებამ. მომავალი წელიც იქნება საკმაოდ რთული,“ - განაცხადა მან.
პოლიტიკურ ექსპერტთა დიდი ნაწილი მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარების გაუარესებას და ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს.
როგორც "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა უთხრა, არჩევნების შედეგად, არასასურველი ორპოლუსიანი სისტემა მივიღეთ.
მისი თქმით, ხელისუფლებას აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი ხელისუფლება ჰყავს, რაც არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.
"2016 წელი იყო საარჩევნო წელი და აქიდან მინუსებით გამოვედით. ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ იგივე მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. შუას გაკრეფის პრინციპით განვითარდა პოლიტიკური პროცესები და მესამე არჩევანი იქნა დანგრეული, მაშინ, როდესაც მესამე არჩევანზე მოთხოვნილება საზოგადოებაში ძალიან მაღალი იყო.
ამომრჩევლის განწყობა იყო, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და ცუდი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის სახით. საარჩევნო ტექნოლოგიებმა საქართველოში ამომრჩეველი მესამე არჩევანის გარეშე დატოვა. ამასთან დანარჩენმა ოპოზიციამაც ვერ გამოიჩინა თავი და ვერ შესთავაზა საკუთარი კანდიდატურა ამომრჩეველს, მათი სისუსტეც იყო აქ პრობლემატური. საბოლოო ჯამში, ფინალში მივიღეთ ისევ ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან არ ასახავს იმ რეალობას და იმ მოსაზრებებს, რომელიც საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს აქვს.
მეორე საკითხია, ის ძალიან მძიმე სოციალური პრობლემატიკა, რომელიც საქართველოშია ქვეყანაში ვითარების დამძიმება საკმაოდ ძლიერი დევალვაციის ფონზე. ამან ძალიან მძიმე ვითარება შექმნა, რომელიც განვითარებას ალბათ 2017 წლის გაზაფხულზე ჰპოვებს"- ამბობს ექსპერტი.
ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, კი 2016 წელი კომფორტული მხოლოდ ხელისუფლებისთვის იყო. ექსპერტი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ "კარგი რომ არ იქნება 2017 წელი ეს ფაქტია".
"ქართული ოცნებისთვის" იდეალური წელიწადი იყო, ამაზე უკეთესს ვერ იოცნებებდა მმართველი პოლიტიკური ძალა. მთავარი მოვლენა იყო არჩევნები, შედეგი კი ყველაზე კომფორტული საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე "ქართული ოცნებისთვისაა". უმრავლესობამ 2016 წელს მიაღწია იმ მიზანს, რასაც მას ამომრჩეველი 2012 წელს სთხოვდა - "ნაციონალური მოძრაობის" სრულ ნეიტრალიზაციას... ძალიან სამწუხაროა, რომ წინასაახალწლოდ ამის თქმა რომ გვიწევს, მაგრამ კარგი რომ არ იქნება 2017 წელი ეს ფაქტია. მინიმუმ ზაფხულამდე მძიმე მდგომარეობა გველის, მერე წინასაარჩევნო პერიოდია და გარკვეული სოციალური ფონი გაუმჯობესდება. ადგილობრივი თვითმმართველობის მერე ალბათ იგივე მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს წავაწყდებით.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი თავსატეხი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად გაძლიერებული რუსეთიცაა.
მასალის გამოყენების პირობები






