საგარეო კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების მიერ მომზადებულ რეზოლუციას ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ ძირითადი პრინციპები და ტექსტი არის უცვლელი.
„მთავარი ამოცანა არის ქვეყნის სუვერენიტეტი და დეოკუპაცია, ასევე უალტერნატივო საგარეო კურსი, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ითვალისწინებს და გაღრმავებას ყველა იმ ურთიერთობის, რაც ხორციელდება ძალიან წარმატებით,“ - აღნიშნა ქაცარავამ.
მისივე თქმით, დოკუმენტში შევიდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.
ქაცარავა ოპოზიციის იმ შენიშვნებზე საუბრობს, რომელიც ოპოზიციის წევრებს დოკუმენტთან დაკავშირებით ქონდა და რომელიც ძირითადად უკავშირდებოდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს.
"ის, რომ რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან, ეს ჩვენ დღეს არ გაგვიცხადებია. როგორც იცით, პირველი რეზოლუცია 2013 წელს მიიღო პარლამენტმა და დიდწილად ეყრდნობა დღევანდელი რეზოლუციაც, სწორედ 2013 წელს მიღებულ რეზოლუციას. ჩვენ სიახლე არ შეგვიტანია და არც უთანხმოება არ ყოფილა, რადგან ძალიან პრინციპულია ჩვენი დამოკიდებულება, პრაგმატული და რაციონალური. რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს იმ სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების მიერ მომზადებულმა საგარეო პოლიტიკის რეზულუციამ კომიტეტის დონე გადალახა. საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები






