ზოგადად, „ნაციონლური მოძრაობა“ მონოლითური პარტია არასოდეს ყოფილა და ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ზეობის დროს მარტო მაშინდელი ოპოზიცია კი არა, ექსპერტთა ნაწილიც აცხადებდა, რომ ეს პარტია რაღაცნაირად მაფიის კანონებს ეფუძნებოდა, ანუ როგორც მაფიაში, „ნაცმოძრაობაშიც“ ყველა „ოჯახის უფროსს“, ესე იგი, ბოსს ემორჩილებოდა, მაგრამ როგორც კი ამ ბოსს ფეხი წაუბორწიკდებოდა, ოჯახის წევრები ისე მიესეოდნენ და გადათელავდნენ, როგორც მგლების ხროვა უმწყემსოდ დარჩენილ ცხვრის ფარას ექცევა ხოლმე. ამ შეფასებას „ნაციონალები“ არ იზიარებდნენ, მაგრამ ბოლო დროს მათ ერთმანეთის ჭამა დაიწყეს.
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაარსების დღიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე კლანი არსებობდა. ასე, მაგალითად, ლაპარაკი იყო ე.წ. ახალაიების დაჯგუფებაზე, ასევე, ბოკერიას, ანუ „თავისუფლების ინსტიტუტის“ „კუტოკზე“ და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, მუდმივად მუსირებდა აზრი, რომ მიშას გარშემო შეკრებილი „ტიპები“ ერთმანეთს გავლენის სფეროებისთვის ებრძოდნენ. ეს ბრძოლა ყველაზე თვალშისაცემი 2007 წელს გახდა. ალბათ, გახსოვთ: მაშინ ირაკლი ოქრუაშილმა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე წევრად ითვლებოდა, „ნაცმოძრაობა“ დატოვა და ითქვა, რომ „ოქრო“ მერაბიშვილთან ბრძოლაში დამარცხდა. ამასთან, თუ ოქრუაშვილი გაიმარჯვებდა, მაშინ ციხეში მერაბიშვილი აღმოჩნდებოდა.
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ გავლენიან კლანად, როგორც აღვნიშნეთ, ყოველთვის ბოკერიას, ანუ „თავისუფლების ინსტიტუტის“ ფრთა ითლებოდა, რომლის იდეოლოგადაც ლევან რამიშვილია მიჩნეულია. ზოგადად, „თავისუფლების ინსტიტუტმა“ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში დიდი როლი შეასრულა - ეს ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელმაც შევარდნაძის წინააღმდეგ ბრძოლა და ლიბერალური ღირებულებების ქადაგება დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ბოკერიას ფრთა თითქოს განეიტრალდა, ანუ მხედველობაში ის გვაქვს, რომ მართალია, ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, მაგრამ საზოგადოებრივ ასპარზზე ხშირად აღარ ჩანდა და, როგორც ანალიტიკოსები ამბობდნენ, თვალს მიზანმიმართლად მოეფარა, თუმცა მიშას კარზე „რუხი კარდინალის“ ფუნქციას მაინც ასრულებდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში ბუნტი სწორედ ბოკერიამ და მისმა პოლიტიკურმა და-ძმებმა დაიწყეს, თუმცა „ნოუპოსტს“ „ნაცმოძრაობის“ მკვლევარები უხსნიან, რომ მიშას „ჩაჩოჩება“ მოსალოდნელი იყო.
„ყველაფერი საჯარო ახლა გახდა, თორემ ის, რომ სააკაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ნათელი ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი ოქტომბრს არჩევნების შემდეგ იყო. ყველაზე საბედისწერო შეცდომა კი, რაც მიშამ დაუშვა, ის გახლდათ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ისე, დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს აზრი ყოფილ პრეზიდენტს ბოკერიას „სასტავმა“ შეგნებულად შეუგდო, მაგრამ სააკაშვილის მიკვირს, ამ ხაფანგში როგორ გაება. კი ბატონო, იმპულსურია, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მიშა უჭკუოა და დავიჯერო, ვერ მიხვდა, რომ დიდ მახეს უგებდნენ და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგი ნაბიჯი მისი „ნაცმოძრაობიდან“ გაგდება იქნებოდა? ახლა, ვერ ვიტყვი, რომ ბოკერიას „სასტავი“ თავიდანვე ივანიშვილთან შეთანხმებულად მოქმედებდა-მეთქი, მაგრამ „ოცნების“ და გიგას ინტერესები ერთმანეთს, მინიმუმ, დაემთხვა. აქვე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოკერია, თავიდან ბოლომდე, ამერიკული პროდუქტია. შესაბამისად, მგონია, რომ მიშა მიუღებელი თეთრი სახლის პოლიტიკური წრეებისთვის გახდა,“ - აღნიშნავს „ნიუპოსტის“ კონფიდენციალური რესპოდენტი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, რომ თუ სააკაშვილი ჩათრევას ჩაყოლას არ ამჯობინებს, ანუ პარტიისთვის ბრძოლას გააგრძელებს, მის გარშემო მოვლენები უფრო დრმატაულად განვითარდეს და გარკვეული სამართლებრივი პრობლემები უკრაინაშიც შეექმნას.
სამართლებრივი პრობლემების კონტექტსში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქმე „ალჩუზე“ არც სამშობლოში აქვს - მოგეხსენებათ, მასზე შიდა ძებნაა გამოცხდებული.
„სისხლის სამართლის კოდექსში ცნება „შიდა ძებნა“ არ არსებობს. ადამიანი ან იძებნება, ან - არა, მაგრამ ესეც, მე თუ მკითხავთ, გარკევული პოლიტიკური ინტრიგაა, ანუ მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „ოცნებას“ მიშას დაჭერა არასოდეს უნდოდა. უბრალოდ, მას აშანტაჟებდა და აშანტაჟებს. ზუსტად ამიტომ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ საქმე რაღაც პალტოებზე აღძრა, მაგრამ ამით რომ ვერ შეაშინა, მეორე ბერკეტი აამოქმედა. ეს მეორე ბერკეტი კი ისაა, რომ შეეცდება, პარტია „დააწეროს“, რადგან პარტია მიშას ისე სჭირდება, როგორც თევზს - წყალი, მაგრამ ამ შემთხვევაში, სააკაშვილი უფრო გონივრულად მოიქცა და პოლიტიკური დასაყრდენი უკრაინაში შექმნა, რითიც თავისი, როგორც პოლიტიკოსის რენომე და წონა გაზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა უკვე ღირსების საქმეა, თუ ვის დარჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მიშა ის ტიპი არ არის, რომ დამარცხებას შეეგუოს და აღიაროს, რომ ადამიანებმა, რომელთან ერთადაც წლები გაატარა, პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლეს. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, ამბოხებულებს საკადრისი პასუხი გასცეს. მოგეხსენებათ, მიშა ავანტიურისტია და ამიტომ, პირადად მე, არ გამოვრიცხავ, რომ იგივე ბოკერიას და სხვებს ისეთი რაღაცები გამოუქვეყნოს, რითიც მათ კარიერას საბოლოოდ დაამთავრებს,“ - გამოთქვამს თავის ვარაუდს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელსაც „ნაცმოძრაობასთან“ გარკვეული „ბმა“ აკავშირებს.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლა ყველაზე მეტად „ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს, რადგან ამ შემთხვევაში, ყბადაღებულ 9 წელზე ლაპარაკი აზრს დაკარგავს, ანუ დღევანდელი მმართველი პარტია კრიტიკულ სიტუაციაში თავს 9 წელით და მძიმე მემკვიდრებით ვეღარ გაიმართლებს იქიდან გამომდინარე, რომ იგივე 9 წელის გინებას, დიდი ალბათობით, თავად ყოფილი თუ მოქმედი „ნაციონალებიც“ დაიწყებენ, ანუ მაგალითად, სააკაშვილი და მის მხარეს დარჩენილები ყველაფერს ბოკერიას დააბრალებენ, ბოკერია კი - სააკაშვილს.
ერთი სიტყვით, ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური პინკ-პონგი, რომლის ყურებითაც საზოგადოება არ დაიღლება - მოგეხსენებათ, ხალხის სამართავად პური და სანახაობა ყველაზე კარგი იარაღია. მართალია, ლარდაცემულ ქვეყანაში პური შეიძლება, სანატრელი გაგვიხდეს, მაგრამ 2017 წელს სანახაობა აშკარად არ მოგვაკლდება, მით უმეტეს, უკვე არსებობს მოლოდინი, რომ ახალი წლის პირველი დრამა 20 იანვარს გათამაშდება - ყრილობაზე „ნაციონალებმა“, შეიძლება, ერთმანეთი დაასისხლიანონ კიდეც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ასე რომ, ყოფილ მმართველ პარტიას წინ სერიოზული კრიტიკული დღეები ელის.
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






