„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პარტიის ყრილობის საკითხზე უნდა ემსჯელათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერიას განცხადებით პარტიის ზოგიერთი წევრის აზრი „მიშა როგორც იტყვის ისე უნდა იყოს“, ენმ-ს გახლეჩვას უწყობს ხელს:
”სამწუხაროდ, პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მიშა როგორც იტყვის ავტომატურად ისე უნდა იყოს და ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ნაბიჯ-ნაბიჯ ხლიჩავს ამ პარტიას. ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ, თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა და გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით. დათო ბაქრაძეს ქონდა ძალიან გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეცვლილიყო და მის გამოსვლაზე რეაქციები იყო, რომ ”აი ნახეთ როგორ შეეშინდათ”. ეს ვითარება მძიმეა. ჩვენ ვხვდებით პარტიის რიგით წევრებს, გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად, მაგრამ ვშიშობ, ამ შემთხვევაში არაა ეს გასაღები ჩვენს ხელში. გასაღები არის მიხეილ სააკაშვილის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფის ხელში, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და სამწუხაროდ, ასე სამარცხვინოდ იქცევა”, - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






