კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებათა პროექტზე იმსჯელეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით ცვლილება რეგლამენტის მე-19 მუხლში შედის და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროების დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრას ეხება.
გიორგი კახიანის ინფორმაციით, ამ ბიუროების ფუნქციონირების უზრუნველყოფა თავდაპირველად თვითმმართველობების ვალდებულება იყო, შემდეგში მიდგომა შეიცვალა და მათი დაფინანსების წესი და ოდენობა პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრა. მომხსენებლის განცხადებით, ამ დადგენილებამ აქტუალობა დაკარგა და საკითხის მოგვარება სავსებით შესაძლებელია დებულებით. ამგვარად, წარმოდგენილი პროექტის მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით, დებულებას, რომლითაც მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესთან ერთად ასევე განისაზღვრება მათი დაფინანსების წესი და ოდენობა, პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.
კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს ორი საკითხი: საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე. ეს საკითხები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში კიდევ სამი ფრაქცია შეიქმნა. ესენია: „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ და „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისათვის“. გიორგი კახიანის განცხადებით, მიზანშეწონილია, რომ კომიტეტების შემადგენლობა 2-2 წევრით გაიზარდოს და 15 და 17-წევრიანი კომიტეტები შესაბამისად 17 და 19-წევრიანი გახდეს. ამის შესაბამისად მოხდა კვოტების განაწილებაც. შესაბამისად, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად განისაზღვრა პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებშიც.
დასასრულ, კენჭი უყარეს განხილულ საკითხებს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მასალის გამოყენების პირობები






