საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო, პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომლის დაწყებამდეც ჟურნალისტებისთვის კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიი მუშაობაში ჩაერთვება:
„დღეს გვაქვს უნიკალური ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვაყალიბოთ კონსტიტუცია. ჩვენ ვიცით, როგორი მემკვიდრეობა მივიღეთ 2012 წელს. კონსტიტუცია 2010 წელს განახლდა. არსებითი ცვლილებები შევიდა, რაზეც ვენეციის კომისიის მიერ დასკვნა იყო ცალსახად ნეგატიური, იყო მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც მაშინ პარლამენტმა არ გაითვალისწინა და კონსტიტუციაში არის ხარვეზები, რაც ეხება ხელისუფლების განაწილების პრინციპს, ურთიერთკონტროლისა და ურიერთდაბალანსების თვალსაზრისით. ეს პრინციპები არის დარღვეული კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში, რაზეც ხაზგასმით საუბრობდა ვენეციის კომისია.
ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება კონსტიტუციური ხარვეზების გასწორება და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს არის ერთი ამოცანა და მეორე არის ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური სისტემა და ისეთ სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც დროს გაუძლებს“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარის დადგენილება საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან დაკავშრებით გუშინ გამოქვეყნდა. კომისიაში 73 წევრი შედის, თუმცა მუშაობაში ჩართულობაზე უარს აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მასალის გამოყენების პირობები






