„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს პარტიის წევრი გივი თარგამაძე ეხმაურება. თარგამაძის თქმით ყრილობის საორგანიზაციო კომისია თავის უფლებამოსილებას აჭარბებს და პოლიტსაბჭოს მაგივრადი იღებს გადაწყვეტილებებს. თარგამაძის შეფასებით ამ კომისიის ქმედება არის ერთგვარი ГКЧП- პარტიაში გადატრიალების მცდელობა. აღნიშნულ განცხადებას გივი თარგამაძე ფეისბუკზე ავრცელებს და თან ფოტოკოლაჟსაც ურთავს, რომელზეც ГКЧП და ნაციონალური მოძრაობის ყრილობის საორგანიზაციო კომისიაა ასახული:
„პარტიის სამდივნოს გუშინდელ სხდომაზე, იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არც ერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია.
მითითება იმაზე, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ. თურმე წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას (!) ნიშნავდა. ანუ წევრთა წარდგენა იმთავითვე დამტკიცებასაც ნიშნავს.
ხოდა, მივიღეთ ერთგვარი ГКЧП. პარტიაში გადატრიალების მცდელობა.
არ ვიცი, ექვსნი საბჭოთა ანალოგის გამო არიან, თუ ლიდერს "ტროიკას“ ეხამუშა და "შესწიორკა" უფრო ეამა. მაგრამ ფაქტია, რომ გამოცხადებული გახსნილობის, მაქსიმალური ჩართულობის, კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7 ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა. გასაგებია, რომ ნებისმიერი ცივილიზებული წესისაც ასევე ეშინია და სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც არც ერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს.
ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო - პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში, განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა... ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა... და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“,-წერს გივი თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






