საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ გამოკითხული ქართველი და უცხოელი ექსპერტის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება.
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აგრძელებს ექსპერტთა რეგულარულ გამოკითხვებს. ამჯერად GIP-მა 30-მდე ქართველ და საერთაშორისო ექსპერტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს სამომავლო პერსპექტივების შეფასება სთხოვა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალ ხელისუფლებას გაუჭირდება ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება. ექსპერტები ასევე ეჭვობენ, რომ ქართული ოცნება შეძლებს შეასრულოს საარჩევნო დაპირებები.
დღეს ერთერთი ყველაზე აქტუალური საკითხია ქართული ეროვნული ვალუტის (ლარი)გაცვლითი კურსის დასტაბილურება. ლარმა გაუფასურება ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. შედეგად, დიდი წნეხის ქვეშ მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ხელფასებს ეროვნულ ვალუტაში იღებს, მაგრამ კრედიტების გადახდა დოლარში უწევს. გამოკითხული ექსპერტები ეჭვის თვალით აფასებენ ქართული ოცნების უნარს, გაუმკლავდეს აღნიშნულ პრობლემას. რესპოდენტთა 78% აცხადებს, რომ ქართულიოცნება ვერ შეძლებს ლარის სტაბილიზებას. 22% მიიჩნევს, რომ ლარის სტაბილიზება მთავრობის მიერ “ნაწილობრივ შესაძლოა”.
რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს ლარის სტაბილიზირება?ექსპერტები პესიმისტურად უყურებენ ასევე საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და უმუშევრობის შემცირების პერსპექტივებს. გამოკითხულთა 58% ყოველწლიურად ეკონომიკის 3-4 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს,. ხოლო 38.5% მიიჩნევს, რომ ეკონომიკა მხოლოდ 1-2 პროცენტით გაიზრდება. გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთ ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-5% ან მეტით გაიზრდება. ექსპერტები პესიმისტურად აფასებენ ასევე ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებს. ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში, პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაპირებას წარმოადგენდა 200,000 ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საპენსიო სისტემის, გადასახადებისა და ინფრასტრუქტურის რეფორმირების მეშვეობით. თუმცა, ექსპერტების 93 % მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაპირება არარეალისტურია.
ექსპერტთა უმრავლესობა ასევე ვარაუდობს საგარეო ვალის ზრდას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გამოკითხულთა 33% პროცენტი ამბობს, რომ საგარეო ვალი “მნიშვნელოვნად” გაიზრდება, ხოლო 56% ფიქრობს, რომ ვალი გაიზრდება, თუმცა დასაშვები ტემპებით. გამოკითხულთა მხოლოდ შვიდი პროცენტი ელის, რომ ვალის დონე იგივე დარჩება ან შემცირდება. ზოგადად, როგორც ეკონომიკური მოდერნიზაციის ბევრი კვლევა გვეუბნება, განვითარებად ქვეყნებში საგარეო ვალის ზრდა არ არის დრამატული მოვლენა, თუ მას თან ახლავს ეკონომიკურ ზრდის პროცესი და ნასესხები ფული გამოყენებულია გონივრულად ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, არ არის ბოლომდე ნათელი, ხდება თუ არა აღებული ვალის სწორი ინვესტირება და რამდენად დანალანსებულია ვალის ზრდა შესაბამისი ეკონომიკური ზრდის ტემპით. მაგალითისთვის, ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ მთავრობა საგარეო ვალს არასწორად იყენებს, მაგალითად ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ან სოციალურ და ჯანდაცვის სექტორში ინვესტირებისთვის. გარდა ამისა, მაშინაც კი თუკი ეკონომიკური ზრდა 3-4% იქნება, როგორც ესექსპერტთა უმრავლესობა ვარაუდობს, ეს ალბათ არ იქნება საკმარისი საგარეო ვალის ზრდის დასაბალანსებლად.
ექსპერტები ასევე ეჭვის თვალით უყურებენ ქართული ოცნების მიერ ახალ პარლამენტშისაკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობას. გამოკითხულ ექსპერტთა მხოლოდ 11% ფიქრობს, რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობას დადებითი გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ექსპერტების 85% კი ფიქრობს, რომ სამთავრობო პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობა “უარყოფითად” იმოქმედებს ქვეყანაში მომდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. შესაძლებელია, ექსპერტთა ნეგატიური მოსაზრებებზე გავლენა იქონია ქართული ოცნების ბოლო ნაბიჯებმა, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებისკენ.
ქართულ ოცნებას მომავალი 4 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება საქართველოს პარლამენტში. თქვენი აზრით, როგორი გავლენა ექნება აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე?ექსპერტთა მოსაზრებები გაიყო ოპოზიციური პარტიების შესახებ გამოკითხვისას. ექსპერტთა 44% ვარაუდობს, რომ ყოფილი მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე და მისი ელექტორატის რაოდენობა ამჟამინდელ ნიშნულზე დარჩება. ექსპერტთა 22% ნაციონალური მოძრაობის დაშლას წინასწარმეტყველებს. ხოლო ექსპერტთა 19% თვლის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეძლებს კონსოლიდირებას და მომავალ არჩევნებს გაძლიერებული შეხვდება.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი დინამიკა შეიმჩნევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით. რამდენიმე ჯგუფი ცდილობს ზეგავლენისა და ძალაუფლების მოპოვებას. როგორ ხედავთ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის მომავალს?ექსპერტები გაცილებით სკეპტიკურად აფასებენ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ პროცესებში. აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ყოფილ პრეზიდენტს აქვს ნეგატიური გავლენა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. გამოკითხული ექსპერტების 82% ის თქმით, სააკაშვილის გავლენა ზიანის მომტანია ყოფილი მმართველი პარტიისთვის. ექსპერტთა მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ მისი გავლენა პარტიაზე “რამდენადმე” დადებითია.
თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილზე და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობა, როგორ გავლენას იქონიებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალზე?ექსპერტები ასევე პესიმისტურად აფასებენ ლიბერალური ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებს. ლიბერალური პარტიების საარჩევნო ფიასკოს მთავარ მიზეზად გამოკითხულთა 30% ასახელებს მათ უუნარობას, შეექმნათ ლიბერალური პლატფორმის საარჩევნო ბლოკი. ექსპერტთა 59% კი ლიბერალური პლატფორმის პარტიების სისუსტეს რამდენიმე ფაქტორის კომბინაციით ხსნის: ლიბერალური კოალიციის შექმნის უუნარობა, ძლიერი პროგრამული პროფილის არარსებობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისუსტე. საერთო ჯამში, ექსპერტები პესიმისტურად უყურებენ ლიბერალური პარტიების მომავალს. გამოკითხულთა 52% აცხადებს, რომ ლიბერალური პარტიების პოპულარობა დღეს არსებულ დაბალ დონეზე დარჩება, ხოლო 26% მათ კიდევ უფრო დასუსტებას წინასწარმეტყველებს. გამოკითხული ექსპერტების მხოლოდ 22 პროცენტს აქვს გარკვეულწილად ოპტიმისტური მოლოდინები. მათ მიაჩნიათ, რომ ლიბერალური პარტიები შეძლებენ რეორგანიზებას და აჩვენებენ უკეთეს შედეგს მომავალი არჩევნებისთვის.
როგორ წარმოგიდგენიათ ლიბერალური ცენტრის მომავალი (თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები) ?ექსპერტთა პესიმიზმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ამავე პარტიების შიდაპარტიული სისუსტე და ბოლო არჩევნებზე მათი სუსტი გამოსვლა იყო. ლიბერალურ პარტიებში შიდაპარტიული მენეჯმენტის პრობლემა კიდევ უფრო აშკარა გახდა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ განვითარებული მთელი რიგი მოვლენების შედეგად. სუსტი მმართველობის პრობლემა იყო მაგალითად, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის დაშლის ერთერთი მიზეზი. ანალოგიურად, არჩევნებში დამარცხების შემდგომ პარტია დატოვა თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე ლიდერმა, და ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებაში გადავიდა. ექსპერტები ასევე აკრიტიკებენ ლიბერალური პარტიების უუნარობის გაეერთიანებინათ ძალები არჩევნებამდე. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ლიბერალური პარტიების გაერთიანება, საპარლამენტო არჩევნებში მათ შანსებს ერთიორად გაზრდიდა. ისინი მინიმუმ შეძლებდნენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას და საკუთარი ფრაქციის შექმნას ახალ პარლამენტში.
გამოკითხული ექსპერტები ასევე კრიტიკულად არიან განწყობილნი პატრიოტთა ალიანსისმიმართ. გამოკითხული უმრვლესობა (56%) ელის, რომ პატრიოტთა ალიანსის შესვლით პარლამენტში გაძლიერდება ულტრა-მემარჯვენე სენტიმენტები საქართველოში. თუმცა ექსპერტთა ნაწილი (15%) ასევე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ცხოვრება პატრიოტთა ალიანსისს უფრო ზომიერ პოლიტიკურ ძალად აქცევს და მათი შესვლა პარლამენტში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.
კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა ასევე გაანალიზეს ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი საფრთხეები და მათი დაძლევის გზები. რესპოდენტთა კომენტარებში ყველაზე ხშირად მთავარ საფრთხედ ფიგურირებდა ულტრა-მემარჯვენე ძალების მოძლიერება საქართველოში, რომელთა პოპულარიზაციას დიდად უწყობს ხელს წინა და ახლანდელი მთავრობების არაეფექტური მმართველობა ბევრ სფეროში. თუმცა, ამ მხრივ, საქართველო არ არის გამონაკლისი. შეიძლება პარალელების გავლება ევროპაში ულტრა-მემარჯვენე ძალების რენესანსთან. ექსპერტები ასევე მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქვამენ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, რომელიც მმართველი პარტიის პოზიციების გასაძლიერებლად შეიძლება იქნას გამოყენებული. რამდენიმე ექსპერტმა ხაზი გაუსვა ასევე, მართველი პარტიის სტრუქტურულ და პოლიტიკურ არათანმიმდევრულობას. მათი აზრით, პარტია შედგება როგორც მემარჯვენე-ცენტრისტული (მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი), ისე მემარცხენე-ცენტრისტული (ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის დიდი ნაწილი) ძალებისგან, რასაც შეიძლება მოჰყვეს არათანმიმდევრული პოლიტიკა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან მთელ რიგ სფეროებში.
მეორეს მხრივ, გამოკითხული ექსპერტები ოპტიმისტურად აფასებენ მთავრობის შანსებს, რათა გაატაროს ეფექტური რეფორმები. მათი აზრით, ვინაიდან საარჩევნო ციკლი ამ ეტაპზე დასრულებულია, მთავრობას აქვს ორწლიანი ვადა რათა სრულად გადაერთოს მათ შორის არაპოპულარული რეფორმების გატარებაზე და არ იფიქროს საარჩევნო პროცესებზე. რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, გამოკითხული ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ აწარმოოს უკეთესი ფისკალური პოლიტიკა, მეტი ყურადღება გაამახვილოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და უარი თქვას “ლარიზაციის” პოლიტიკაზე. მათი თვალსაზრისით მთავრობამ ასევე მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიებს, ექსპერტთა აზრით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უნდა გათავისუფლდეს მისი ყოფილი ლიდერებისგან, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის არაპროპორციულად დიდი გავლენისგან. ლიბერალურმა პარტიებმა უფრო მეტად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან რათა მათი შანსი მომავალ არჩევნებში გაიზარდოს. გარდა ამისა, აუცილებელია ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ძალების შეჩერება, რომელთა მოძლიერება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
მეთოდოლოგიის შესახებ
ექსპერტთა გამოკითხვა ფართოდ გამოყენებული მეთოდია დასავლეთის ქვეყნებში. მეთოდის ქართულ კონტექსტში გამოყენებისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ხელმძღვანელობს ექსპერტთა შერჩევის რამდენიმე პრინციპით, რათა კვლევის შედეგები იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მეთოდოლოგიურად გამართული. უპირველესად, ჩვენ მონაწილეობა ვთხოვეთ მხოლოდ იმ ექსპერტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მეორე, იმისთვის რომ მიგვეღო დაბალანსებული ხედვა ჩვენ გამოვკითხეთ საქართველოზე მომუშავე როგორც ქართველი ასევე უცხოელი ექსპერტები. ასევე, რათა თავიდან აგვერიდებინა პოლიტიკური მიკერძოებულობა, ჩვენ გამოვკითხეთ ის ექსპერტები, რომლებიც არ არიან დაკავებული პარტიული პოლიტიკით და არ აქვთ რაიმე სახის მჭიდრო კავშირები რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში".
წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივა
მასალის გამოყენების პირობები






