სახელმწიფო კანცელარიასთან ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, (სამსახურიდან უსამართლოდ გაშვების გამო) რომლის მთავარი მხარდამჭერიც პოეტი თორნიკე ნაროზაული გახლდათ, საბოლოოდ ახალგაზრდა პოეტის იმედგაცრუება, გულისტკივილი და შემდეგი პოსტიმ მოჰყვა.
თორნიკე ნაროზაული: „ცივი დღეები იყო. არადა ზამთარი ყოველთვის მიყვარდა. სახლში პატარა "რემონტი" დაუწყიათ. სოფლის სახლიდან შემორჩენილი "ლინენიუმი" და "შპალერი" შეემატა ჩვენს ქალაქურ სოროს. არ ვიცი ქირას რამდენს ვიხდით. ჩემი ხელფასი ზედმეტად ეგოისტურად იხარჯება - სასმელსა და სიგარეტზე.
იმას ვამბობდი, რომ რამდენიმე ხატის გაჩუქება გადავწყვიტე - დანარჩენს კი ვანაწილებ ოთახის უსწორ-მასწორო კედლებზე, მაგრამ გულში განაწილებული რწმენა, იმედი და სიყვარული ვეღარსად მიპოვნია. ალბათ ვინმეს დასჭირდა და გავატანე. არ მახსოვს.
გარეთ ბავშვები თამაშობენ, საახალწლო "ასაფეთქებლებს" აფეთქებენ, ერთმანეთის შიშებზე იცინიან. მე კი ისევ, წინა წლის წინასაახალწლო განწყობა მაქვს, წინა წელსაც წინა წლის მქონდა და ასე უკვე 4-5 წელია, ვერაფერი გამიგია, სად გაქრა ის სიხარული, რომელიც მთელი ბავშვობა გევრდიდან არ მშორდებოდა. თვეებით ადრე რომ ველოდი ახალი წლის შემოსვლას.
ორი წლის წინ კედელზე ნახშირით მინაწერი წავიკითხე - "მშია!"
ახალი წლის წინა დღეები იყო და სახლში მისულს ძვირადღირებული შოკოლადები დამხვდა მაგიდაზე - გადაყრა მინდოდა. მერე დედაჩემი შემებრალა, მთელი წელი ბავშვის ტანსაცმელს ყიდდა ქუჩაში - მის შვილს სხვა ბავშვებისნაირი ახალი წელი რომ ჰქონოდა და ზოგადად ცხოვრება.
მაინც სხვა ლიანდაგზე აღმოვჩნდი. ვფიქრობ განვლილ წლებზე და ვხვდები, რომ ერთმანეთზე უარესები იყვნენ - ყოველწელს უფრო და უფრო ვეფლობი ჭაობში. ბავშვს რა მესმოდა, თორემ როგორ ვინატრებდი - ნეტა მალე გავხდე დიდი-ო.
ეეეჰჰჰ, რა ძნელი ყოფილა შენი ქვეყნის რეალური სახის დანახვა.
როგორი უსუსური ვარ - ახალი წელიც კი არ მიხარია, ამ პოსტსაც ჩემი თავისთვის ვწერ - ასე საჯაროდ.
ადრე შობის მოსვლა მაინც მიხაროდა.
ახლა კი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ...
რომ შემეძლოს ერთს გულიანად ვიტირებდი, საბნის ქვეშ ჩავიმალებოდი და დილით ახალი ფურცლიდან დავიწყებდი ყველაფერს, მაგრამ ყოველი დილა ერთნაირად თენდება და ერთნაირად დასვრილია ყოველი ფურცელი.
იმაზე არაფერი მითქვამს სითბოს რომ ვეღარ ვიტან, მითუუფრო სიცივეს - რა საზარელი და მართალი დღეები გამოვიარე.
რა ძლიერი მეგონა თავი და რა არაფრისმაქნისი ყოფილა ჩემი პოეზია, უფრო სწორად ხალხის სიყვარული, მან რომ მომიტანა.
ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდა თანადგომა, მაშინ აღმოვჩნდი მიტოვებული.
4-5 დღეა ტელეფონი არ მაქვს და ვფიქრობ მოვშორდე ამ სოციალურ ქსელებსაც.
მახსოვს პირველი პოეზიის საღამო. ძალით და ხვეწნით რომ გამომიყვანეს. თავს კი არ ვიფასებდი ან რა მქონდა დასაფასებელი. არ მინდოდა ხალხში გარევა.
და იქნებ დროა დავუბრუნდე ჩემს საწყის ფორმას.
არა, არ უნდა დავმალოთ ეს ქვეყანა!
დაე, ყველამ ნახოს, რა იყო და რად იქცა!
მე ხომ ბოლომდე ჩემი სიმართლის მხარეს ვიდექი.
მე ხომ არც ეს ახალი წელი მიხარია შობაზე მეტად, არც საქეიფო განწყობა მაქვს, არც საცეკვაო... როდესაც გარეთ, რომელიღაც ქუჩის მეარღნე ნახშირით აწერს კედლებს -
მშია!
მშია!
მშია!
მე მხოლოდ თქვენი სიყვარული მჭირდებოდა
გადასარჩენად.“
მასალის გამოყენების პირობები






